ხანგრძლივი პაემნით სარგებლობას მხოლოდ სრულად ვაქცინირებული პატიმრები შეძლებენ

პუბლიკა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, 27 სექტემბრიდან ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში ხანგრძლივ პაემნებზე დაწესებული შეზღუდვა იხსნება.

უწყების ცნობით, ხანგრძლივი პაემნით სარგებლობას შეძლებენ მხოლოდ ის ბრალდებულები/მსჯავრდებულები, რომლებიც ორჯერადად არიან ვაქცინირებულები. რაც შეეხება ვიზიტორების დაშვებას, ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან პაემანზე დაიშვებიან მხოლოდ ის პირები რომლებიც ასევე სრულად ვაქცინირებულები იქნებიან და შესაბამის დოკუმენტს წარადგენენ.

„ამ ეტაპზე პენიტენციურ სისტემაში მსჯავრდებულების 80% ვაქცინირებულია, 65% კი – რევაქცინირებული. სწორედ ინტენსიური ვაქცინაციის შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდა სამოქალაქო კლინიკაში მოთავსებული კოვიდინფიცირებული მსჯავრდებულების რაოდენობაც. ამ დროისთვის თბილისის სამოქალაქო სექტორის კლინიკასა და ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოსთან არსებულ საკარანტინო სივრცეში ჯამში 50 ინფიცირებული მსჯავრდებული იმყოფება, რაც პატიმართა საერთო რაოდენობის მხოლოდ 0,5%-ს წარმოადგენს.

რაც შეეხება სპეციალური პენიტენციური სისტემის პერსონალს, თანამშრომელთა 92% აცრილია, ხოლო 77% რევაქცინირებულია“, – ნათქვამია განცხადებაში.