ხატია დეკანოიძემ მოსმენებზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით, პროკურატურაში სარჩელი შეიტანა

პუბლიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა, ხატია დეკანოიძემ მოსმენებზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით, ქუთაისის პროკურატურაში სარჩელი შეიტანა.

„ეს არის სარჩელი, რომ დაიწყოს გამოძიება ფარულ მიყურადებაზე. მე გულწრფელად მინდა ვუთხრა ყველას, არ მაქვს იმედი, რომ ამ შემთხვევაში ეს პროკურატურა, ან სუს-ი, ან შსს გამოძიებს ამ მასიურ, ტოტალურ კონტროლს ადამიანებზე, მაგრამ მაშინ, როდესაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას ჩამოსცილდება, მაშინ, როდესაც ჩვენ გვექნება თავისუფალი მართლმსაჯულების სისტემა, გვექნება პროკურატურა, რომელსაც ეყოლება დამოუკიდებელი პროკურორი, ეს ჩემი და ყველას განცხადება, ვინც ამ ტოტალურ კონტროლს გააპროტესტებს, დარწმუნებული ვარ, იქნება გამოძიებული”, – თქვა დეკანოიძემ „ფორმულას“ ცნობით.

12 სექტემბერს მედიითა და ინტერნეტით გავრცელდა ჩანაწერები, რომლებიც, მედიის ცნობით, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდანაა გამოჟონილი.

საუბარია, დაახლოებით სამი ათასამდე დოკუმენტზე. მედია აცხადებს, რომ დოკუმენტები სინოდის წევრებისა და სხვა სასულიერო პირებისა თუ საპატრიარქოში დასაქმებულების პირად ცხოვრებასა და საქმიანობას შეეხება. მასალებში ნახსენებია პოლიტიკოსები და ჟურნალისტები.