ხელისუფლება ცდილობს, ადამიანის უფლებების პოლიტიკიდან გააქროს ქვიარები - „მწვანეები“

პუბლიკა

„ვხედავთ, რომ ხელისუფლება ბოლო დღეებში განსაკუთრებით ცდილობს, ადამიანის უფლებების ინსტიტუციური პოლიტიკიდან გააქროს ქვიარ ადამიანები“, – ვკითხულობთ პარტია „მწვანეების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც „მწვანეები“ აღნიშნავენ, პარლამენტის მიერ მიღებულ დოკუმენტებში, გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციაში, ლგბტქი+ ადამიანები ნახსენები არ არიან, გენდერული თანასწორობა კი მხოლოდ ისეა განმარტებული, როგორც ქალსა და კაცს შორის თანასწორობა, რაც არსობრივად გამორიცხავს განსხვავებული გენდერული იდენტობის მქონე ადამიანებს.

„მიღებული დოკუმენტები აჩვენებს უკუსვლას ადამიანის უფლებების სფეროში და ქმნის საფრთხეს, რომ სახელმწიფო პოლიტიკა გახდება მეტად ჰომოფობიური და ტრანსფობიური. ეს ნაბიჯები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო დასავლეთს დააშოროს. ამასთანავე, საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ პარლამენტმა ჩააგდო სახალხო დამცველის ყველა კანდიდატი, მაშინ როცა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად მნიშვნელოვანია არასამთავრობოების, დარგის ექსპერტების და ოპოზიციის მხარდაჭერის მქონე კანდიდატის არჩევა“, – აცხადებს პარტია.

„მწვანეები“ მოუწოდებენ საზოგადოებას, სამოქალაქო აქტივისტებსა და ოპოზიციაში მყოფ სხვა პოლიტიკოსებს, რომ ხმა აიმაღლონ ქვიარ ადამიანების უფლებების დასაცავად, ჰომოფობიური და ტრანსფობიური სახელმწიფო პოლიტიკის დასაძლევად.