„ხელვაჩაურში 35 წლის კაცმა ძმა მოკლა“ - შსს

პუბლიკა

„ხელვაჩაურში 35 წლის კაცმა 30 წლის ძმა სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა“, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, კაცი ცხელ კვალზე დააკავეს, დანაშაულის ჩადენის იარაღი – თოფი კი, ნივთმტკიცებად ამოიღეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული რ.ლ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ძმა – 1993 წელს დაბადებული რ.ლ. სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე დააკავეს”, – წერია განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109- ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.