ხვალ ან ზეგ იმუნიზაციის საბჭო განიხილავს, დავიწყებთ თუ არა „სინოფარმით“ ვაქცინაციას ჯანმოს ავტორიზაციამდე - გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ხვალ ან ზეგ იქნება იმუნიზაციის საბჭო, სადაც განიხილება, დაიწყება თუ არა „სინოფარმის” ვაქცინით ვაქცინაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციამდე.

 „ხვალ ან ზეგ იქნება იმუნიზაციის საბჭო. მთავარი განხილვის საგანი იქნება, დავიწყებთ თუ არა მანამდე [„სინოფარმით“ ვაქცინაციას ჯანმოს ავტორიზაციის მიღებამდე], იმიტომ, რომ „სინოფარმის” ვაქცინით ვაქცინაცია დაწყებულია 40-მდე ქვეყანაში ძალიან აქტიურად, ისევე როგორც „სინოვაკით”, თავიანთი ადგილობრივი მარეგულირებლის საფუძველზე და მოგეხსენებათ, რომ ეს ვაქცინა ძალიან კარგად მუშაობს. ყველა ის ვაქცინა, რომლებიც დღეს ბაზარზეა, თავის მთავარ დანიშნულებას, რასაც ჰქვია ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილიანობის შემცირება, აკეთებს ძალიან კარგად”, – განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველომ 100 ათასი „სინოფარმის“ ვაქცინა შეისყიდა. თავდაპირველად ითქვა, რომ ვაქცინის გამოყენება ვაქვცინაციისთვის მას შემდეგ დაიწყება, რაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას მიიღებს.