ხვალ ჩამოვა ჩინური ვაქცინის 100 000 დოზა. ვაქცინაციამდე დაველოდებით ჯანმოს ავტორიზებას - გაბუნია

პუბლიკა

ხვალ ჩამოვა „სინოფარმის” 100 000 დოზა, რომელიც არის ჩინური ვაქცინა, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ. მისი თქმით, აღნიშნული ვაქცინის მიმართ მეტი ნდობისთვის ქვეყანა დაელოდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმოს) ავტორიზაციას და შემდეგ დაიწყებს მის გამოყენებას ვაქცინაციისთვის.

„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ასეთ შეზღუდვებს არ აწესებს. ჯანმოს  ავტორიზაცია არ არის ქვეყნისთვის სავალდებულო პირობა ვაქცინის გამოყენება-გამოუყენებლობისთვის…

„სინოფარმის“ ვაქცინაციის დასაწყებად მზად ვიქნებით მომავალი კვირიდან, თუმცა გარკვეული პერიოდი დავალოდებით ჯანმოს ავტორიზაციას. საუბარია 2 კვირაზე. სამართლებრივი საფუძვლები დღესაც არსებობს „სინოფარიმის” გამოყენებისთვის, მაგრამ მაინც ჩვენი მიდგომა იყო, რომ ჯანმოს მიერ ავტორიზებული ვაქცინები გამოვიყენოთ. მაინც ვფიქრობთ, რომ უფრო მეტი ნდობა და კეთილგანწყობა ექნება ვაქცინას მას შემდეგ, რაც მიიღებს ავტორიზაციას და ექნება თანაბარი სტატუსი იმ ვაქცინებთან, რაც დღეს ქვეყანაში გამოიყენება”, – განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, სტატუსის მიღება დაგეგმილია აპრილის შუა რიცხვებში.

„გუშინ განახლდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციის კალენდარი და აპრილის შუა რიცხვებია მითითებული „მოდერნასთვის”, „სინოფარმისა” და „სინოვაკისთვის”. ეს არის ის სამი ვაქცინა, რომელიც მსოფლიოში ფართოდ გამოიყენება, თუმცა ავტორიზაცია მათთვის ჯანმოს ჯერ არ მოუცია…”, – აღნიშნა გაბუნიამ.