რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები საპროტესტო აქციებს აანონსებენ

პუბლიკა

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები მეორე დღეა, კლინიკის ეზოში აქციას მართავენ. ამბობენ, რომ პროტესტი გაგრძელდება და ხვალ, 26 იანვარს, 3 საათზე აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან გაიმართება.

ექიმები ამბობენ, რომ გარკვეული საკითხები, რომელიც მათ ეხებათ, მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროში არ წყდება, ამიტომ აქციებს აანონსებენ მთავრობის ადმინისტრაციასთანაც.

„ვაპირებთ პროტესტის გაგრძელებას, დღეს აქ ვართ რესპუბლიკურის ეზოში, ხვალ იქნება გამაფრთხილებელი, უფრო დიდი აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან, რაღაც საკითხები ვიცით რომ სამინისტროშიც არ წყდება, ამიტომ, შემდეგი აქციები დაიგეგმება მთავრობის სახლთან, შეიძლება აქციებმა უფრო რადიკალური ხასიათიც მიიღოს, ეს არ არის მარტო ექიმების საქმე, ქვეყანა რჩება ყელაზე დიდი სახელმწიფო კლინიკის გარეშე მინიმუმ ოთხი წელი”. – ამბობს მალხაზ გოგუა, რესპუბლიკურის ქირურგი.

„დავთანხდებით მხოლოდ ალტერნატიულ ფართში ერთად გადასვლას“. – ეს არის ექიმების პოზიცია. მათი განცხადებით, სამინისტროს მხრიდან შეთავაზებული წინადადებები არის ბუნდოვანი, გადაწყვეტილების მისაღებად კი ექიმებს მისცეს ცოტა დრო (15 თებერვლამდე).

ექიმები მიიჩნევენ, რომ შესაძლოა მათი მოსყიდვა უნდოდეთ, რადგან სთავაზობენ „უპრეცედენტო კომპენსაციას, რომელიც აქამდე არავისთვის მიუციათ“, ეს ექიმებისთვის არასანდო და არადამაჯერებელია.  „არსებული შეთავაზებები აბსოლუტურად ბუნდოვანია. თუ ამ ბუნდოვანი ოთხი შემოთავაზებიდან არ მივიღებთ გადაწყვეტილებას, 15 თებერვლამდე ავტომატურად ყველა განვთავისუფლდებით და მივიღებთ კანონით დადგენილ ერთთვიან კომპენსაციას. ნდობაც რომ გვქონდეს ჩვენ დავთანხმდებოდით ერთადერთ შემთხვევას, თუ გამოიყოფოდა ალტერნატიული ფართი, სადაც გადავიდოდა ეს სამედიცინო პერსონალი სამუშაოდ”, – თქვეს გუშინ, 24 იანვარს ექიმებმა. 

ირაკლი ღარიბაშვილმა 22 იანვარს მთავრობის სხდომაზე „რესპუბლიკურის“ ექიმებთან დაკავშირებით თქვა, რომ „არც ერთი მათგანი არ დარჩება სამსახურის გარეშე და ყველა იქნება უზრუნველყოფილი დასაქმების ალტერნატიული შეთავაზებით თუ უპრეცედენტო ღირსეული კომპენსაციით“. 

ჯანდაცვის მინისტრის, ზურა აზარაშვილის განმარტებით კი, ექიმებისთვის „არის სხვადასხვა შეთავაზება, რომელიც მოიაზრებს ერთიანად 12 თვის კომპენსაციის გადახდას, სურვილის შემთხვევაში ან დასაქმებას მინიმუმ იმავე პოზიციაზე სხვა კლინიკაში და აქაც 4-თვიან კომპენსაციას, ან თუ სურვილი არ ექნება თანამშრომელს და უნდა, რომ დაელოდოს უკეთეს შეთავაზებას, ჩვენ ბოლო სამი თვის საშუალო შემოსავლის მიხედვით, მომდევნო 3 წლის განმავლობაში, სანამ თანამშრომელი არ დაიწყებს სადმე მუშაობას, გავაგრძელებთ კომპენსაციის გადახდას. ვფიქრობ, რომ ეს შეთავაზებული პირობები არის საკმაოდ ღირსეული, უპრეცედენტო და ამ ისტორიული პროექტის განხორციელებაში წვლილი მათაც უნდა შეიტანონ“.