ხვალ, სავარაუდოდ, საერთო ფორმატში გაგრძელდება დიალოგი და დისკუსია - კობახიძე მოლაპარაკებებზე

პუბლიკა

„ხვალ, სავარაუდოდ (არ ვიცით, მაგრამ დაზუსტდება), საერთო ფორმატში გაგრძელდება დიალოგი და დისკუსია“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელთან, მედიატორ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა.

„ვაფასებთ ევროკავშირისა და მისი წარმომადგენლის, ბ-ნ კრისტიან დანიელსონის მე-2 ვიზიტს საქართველოში. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ინტერესი არის ძალიან დიდი საქართველოს მიმართ და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების მიმართ. ჩვენ გვქონდა კიდევ ერთი შეხვედრა დღეს, სადაც განვიხილეთ რამდენიმე დეტალი იმ სავარაუდო შეთანხმების, რომელზეც მიმდინარეობს დიალოგი და შეხვედრები დღის განმავლობაში კიდევ გაიმართება. ჩვენც გვექნება კიდევ ერთი შეხვედრა დღეს, 6 საათზე და იქ გაგრძელდება ამ დეტალების განხილვა.  ხვალ უკვე, სავარაუდოდ (არ ვიცით, მაგრამ დაზუსტდება), საერთო ფორმატში გაგრძელდება დიალოგი და დისკუსია“, – აღნიშნა კობახიძემ.


მედიატორ კრისტიან დანიელსონს შეხვედრა 14:00 საათზე „ქართულ ოცნებასთან“ ჰქონდა. 15:00 საათზე კი შეხვედრა ჩანიშნული აქვს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა“ და „რესპუბლიკელებთან“.

დანიელსონი დღეს დილით უკვე შეხვდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და მოგვიანებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.