ხვალიდან ამოქმედდება დადგენილება, რომელიც პირველად ჯანდაცვას დარტყმას მიაყენებს - ჭიაბერაშვილი

პუბლიკა

„ხვალიდან, 1 მაისიდან, თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში სახელმწიფო (ე.წ. კაპიტაციური) დაფინანსების მიღება უწყდებათ იმ ამბულატორიებსა და პოლიკლინიკებს, რომელთა რეგისტრირებული კონტინგენტი 13 000-ზე ნაკლებია. ეს ბევრ ამბულატორიასა და პოლიკლინიკას დააყენებს ფინანსური პრობლემების წინაშე და უმუშევარს დატოვებს იქ დასაქმებული ექიმებისა და ექთნების ნაწილს”. – ამბობს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი.

მან ამ საკითხთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, „ეს გადაწყვეტილება, თავისი არსით, ცნობილი 520-ე დადგენილების ლოგიკური გაგრძელებაა. 520-ე დადგენილებამ ჰოსპიტალურ სექტორს მიაყენა დარტყმა, მთავრობის მიერ 2020 წლის 9 იანვარს მიღებული მე-15 დადგენილება კი დარტყმას პირველად ჯანდაცვას აყენებს”.

ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ ახალი კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის პირობებში ყოველი ექიმისა და ექთანის შრომა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და სრულიად გაუმართლებელია ასეთი გადაწყვეტილებები მაშინ, როდესაც მთავრობა, პირიქით, დაფინანსებას უნდა უზრდიდეს სამედიცინო სექტორის ყველა რგოლს.

„COVID-19-თან ბრძოლაში ოჯახის ექიმების როლი განსაკუთრებულია და თუ მათ ნაწილს ხელფასი შეუმცირდება ან სამსახურს დაკარგავს, ეს არა მხოლოდ მათი ოჯახების სოციალურ მდგომარეობაზე აისახება, არამედ მათი პაციენტების მდგომარეობაზეც.

ჰოსპიტალური სექტორი დიდ სამოქალაქო და სოციალურ პასუხისმგებლობას იჩენს, როდესაც კრიზისის პირობებში 520-ე დადგენილების შეცვლის მოთხოვნა დროებით შეჩერებულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მთავრობამ და ჯანდაცვის სამინისტრომ იმავე ნაბიჯების გადადგმა სამედიცინო სფეროს სხვა სექტორებში განაგრძონ.

მთავრობამ უნდა შეაჩეროს მე-15 დადგენილების მოქმედება და ამავე დროს, მკაფიო გეგმა წარმოადგინოს, როგორ ანაზღაურდება ექიმებისა და ექთნების ფასდაუდებელი შრომა ამ უპრეცედენტო კრიზისის პირობებში. ეპიდემიასთან ბრძოლაში ჩართულმა სამედიცინო პერსონალმა დანამატები უნდა მიიღოს, ხოლო პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაინფიცირებულ ექიმებზე კომპენსაცია გაიცეს.

საგანგებო მდგომარეობის პირობებში ბევრ სამედიცინო მომსახურებაზე მიმართვიანობა შემცირებულია და ეს ამ სპეციალობების სამედიცინო პერსონალის ანაზღაურებაზე კატასტროფულად არ უნდა აისახოს. იმიტომაც არის საჭირო პაციენტთა ნაკადის მოწესრიგება, ყველა სამედიცინო დაწესებულების აღჭურვა მედპერსონალის დამცავი საშუალებებით და სწრაფი ტესტებით, ინფექციის შიდა კონტროლის მექანიზმების დანერგვაში მათი დახმარება ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან, რომ სხვა დაავადებების მკურნალობაც უწყვეტად გაგრძელდეს. სხვაგვარად მოქალაქეების ჯანმრთელობას, რომლებსაც არა COVID-19-ის, არამედ სხვა დაავადებების მკურნალობა სჭირდებათ, შეიძლება საფრთხე შეექმნას”. – ამბობს ჭიაბერაშვილი.