კლინიკებში კოვიდით გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებით ტიკარაძის განცხადებაზე პროკურატურას მიმართეს

პუბლიკა

დღეს ადვოკატმა და იურისტმა, თემურ ლომიძემ მთავარ პროკურორს განცხადებით მიმართა, პროკურატურამ მოახდინოს შესაბამისი რეაგირება და დაიწყოს გამოძიება  ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის მიერ 26 დეკემბერს გამოთქმულ  განცხადებასთან დაკავშირებით. ტიკარაძე ამბობდა, რომ ადამიანების კლინიკებში გარდაცვალების მიზეზი ხშირად არა კოვიდი, არამედ სხვადასხვა ჰოსპიტალური ინფექცია ხდება.

ლომიძე იმედოვნებს, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მალევე მიიღებს პასუხს, დაიწყება თუ არა რამე კონკრეტული ღონისძიებები განცხადებასთან დაკავშირებით.

„პირველ რიგში, მოთხოვნა გვაქვს, რომ აუცილებლად დაიწყოს გამოძიება ამ განცხადებიდან გამომდინარე, რადგან იკვეთება დანაშაულებრივი ნიშნები. ტიკარაზე ამბობს, რომ პაციენტები კვდებოდნენ არამხოლოდ ვირუსის გამო, არამედ ინფექციური დაავადებების შედეგად. ეს მიანიშნებს პაციენტებისადმი არასათანადო ყურადღებაზე, იქნებოდა ეს უყურადღებობა თუ უპასუხისმგებლობა. ეს უკვე საკმარისია იმისთვის, რომ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას, კერძოდ, სსკ-ის 116-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით მკვლელობას ითვალისწინებს.

ასევე, ტიკარაძემ აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია მათ ჰქონდათ და არ ასაჯაროებდნენ, ესეც ცალკე იმის მანიშნებელია, რომ შესაძლოა, ტიკარაძის და მისი გუნდის მიმართაც, ვინც ამ ინფორმაციას ფლობდა და არ ასაჯაროებდა, მათ წინააღმდეგაც დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა“, – უთხრა „პუბლიკას“ თემურ ლომიძემ.

„გვაქვს კლინიკები, სადაც ლეტალობის მაჩვენებელია 2-3% და გვაქვს კლინიკები, სადაც ლეტალობის მაჩვენებელი არის 15%”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ეკატერინე ტიკარაძემ 26 დეკემბერს, ქვეყანაში კორონავირუსის მკურნალობის ხარისხზე საუბრისას.

როგორც ტიკარაძემ განმარტა, ქვეყანაში შეიქმნა ანალიტიკური ჯგუფი, რომელიც ამ ხარვეზების გამოსწორებაზე კლინიკებთან ერთად მუშაობს. პროცესში ჩართულია საერთაშორისო ექსპერტებიც.

„ისინი ნოემბერში ჩაერთვნენ და ეს ჩართულობა იქნება უწყვეტი, რათა კლინიკებში ლეტალობის მაჩვენებელი არ ბადებდეს გარკვეულ კითხვებს, ვინაიდან საკმაოდ კრიტიკულია განსხვავება. გვაქვს კლინიკები, სადაც ლეტალობის მაჩვენებელი არის 2-3% და გვაქვს კლინიკები, სადაც ლეტალობის მაჩვენებელი არის 15%. ყველა ეს პრობლემა იდენტიფიცირებულია. საჯაროს არ ვხდით, მაგრამ კლინიკებთან პირისპირ ვმუშაობთ იმისთვის, რომ გაითვალისწინონ მათთან არსებული ხარვეზები და მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა და მთავარი გამოწვევაა ინფექციის კონტროლი, რადგან ხშირ შემთხვევაში არათუ კოვიდი, არამედ სხვადასხვა ჰოსპიტალური ინფექცია ხდება ლეტალობის გამომწვევი მიზეზი“, – განაცხადა ტიკარაძემ.