კობახიძე: ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები სამადაშვილები და ხაბეიშვილები არიან

პუბლიკა

მმართველი პარტიის ოფისში პარტიის თავმჯდომარემ ევროკომისიის ანგარიშზე ისაუბრა. ევროკომისიამ დღეს კითხვარის მეორე ნაწილზე გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც აფასებს ევროკავშირთან საქართველოს საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოების ხარისხს და, ასევე, ჩვენი ქვეყნის მიერ ევროკავშირთან სექტორული ინტეგრაციის ფარგლებში გატარებული რეფორმების ეფექტიანობას.

ირაკლი კობახიძის თქმით, დეკემბერში საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას არ აქვს ალტერნატივა, თუ ისევ არ იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც არ დაეფუძნება ობიექტურ კრიტერიუმებს.

კობახიძეს ჟურნალისტმა ადამიანის უფლებების, ოლიგარქიზაციისა და პოლიტპატიმრების შესახებ ევროპარლამენტარების კრიტიკა შეახსენა და ჰკითხა, რამდენად რეალურია ამ მიმართულებით არსებული პრობლემების გათვალისწინებით საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღება.

„ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები არიან სალომე სამადაშვილები და ლევან ხაბეიშვილები. ასე რომ, მათ პოზიციას არანაირი მნიშვნელობა და დატვირთვა არ აქვს. მნიშვნელოვანია ევროკომისიის გადაწყვეტილებები და შეფასებები, ასევე – ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებები. რაც შეეხება ევროკომისიას, მან, პრაქტიკულად, თავადვე აღიარა, შარშან ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით რომ ყოფილიყო მიღებული გადაწყვეტილება, ეს გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსზე ჩვენთვის დადებითი იქნებოდა.“ – თქვა კობახიძემ.

მისივე თქმით, 12 რეკომენდაციის შესრულების ნაწილში, რაც მმართველ ძალაზე იყო დამოკიდებული, ყველა რეფორმა განხორციელდა.

„ორ ნაწილში ველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნას და იქაც დასრულდება რეფორმები. რაც შეეხება ომბუდსმენისა და იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევას, აქ დამოკიდებული ვიყავით ოპოზიციაზე და მათი დამოკიდებულება არ იყო კონსტრუქციული, თუმცა, იმედია, მომავალში აქაც მიიღწევა პროგრესი.“ – თქვა კობახიძემ.