კობახიძე პრეზიდენტის განცხადებაზე: მცირე ოხუნჯობაა, თავიდან ფეიქი მეგონა

პუბლიკა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, ჟურნალისტებთან მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი განცხადებები შეაფასა.

სალომე ზურაბიშვილმა ორი განცხადება გამოაქვეყნა, ერთ განცხადებაში ის წერდა, რომ პრეზიდენტის შეწყალებით მიხეილ სააკაშვილი ვერ გათავისუფლდება, რადგან ის კიდევ სამ საქმეზეა ბრალდებული. მეორე განცხადებაში სალომე ზურაბიშვილმა ირაკლი კობახიძის განცხადებები შეაფასა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილებაზე მუქარა დაუშვებელია.

პრეზიდენტის ამ განცხადებას ირაკლი კობახიძემ „მცირე ოხუნჯობა“ უწოდა და თქვა, რომ თავიდან ეს განცხადება ფეიქი ეგონა.

„ეს იყო მცირე ოხუნჯობა, რაც პრეზიდენტს შეიძლება წელიწადში ერთხელ ეპატიოს. ზოგადად, სერიოზულად თუ შევხედავთ, როდესაც პრეზიდენტი თავის ოფიციალურ საიტზე დებს [ასეთ განცხადებას], თავიდან ფეიქი მეგონა. მართლა წარმოუდგენელი იყო, ვთქვი, ალბათ ფეიქი იქნება-მეთქი. მაგრამ მერე აღმოჩნდა, რომ მოუნდა ასე ხუმრობა და რა ვქნათ“, – თქვა კობახიძემ.

მისი თქმით, ზურაბიშვილმა სააკაშვილის შეწყალებაზე ქართველი ხალხის ინტერესების შესაბამისი პოზიცია დაიკავა.

„ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ სალომე ზურაბიშვილმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება. როგორც ჩანს, მან ამ თემის გარშემო საზოგადოების განწყობა კარგად გაიაზრა. საზოგადოებას არ უნდა არეულობა, არ უნდა რადიკალიზმის გაღვივება. საზოგადოებამ იცის, რომ სააკაშვილის გამოშვების მიზანი ამ არეულობის წყაროს შექმნაა. როგორც ჩანს, ეს გაითვალისწინა პრეზიდენტმა და ძალიან კარგია, რომ მან მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც შეესაბამება ქართველი ხალხის ინტერესებს“, – თქვა კობახიძემ.