კობერიძის თქმით, პარტია მერაბიშვილთან არ ითანამშრომლებს

პუბლიკა

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრი, საკრებულოს დეპუტატი ცოტნე კობერიძე აცხადებს, რომ მისი პარტია ვანო მერაბიშვილთან არ ითანამშრომლებს და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად საარჩევნო სიაში არ იქნება.

„TV პირველთან“ ინტერვიუში მან ისაუბრა იმაზე, რატომ არ აქვს ოპოზიციას ამომრჩევლის მხარდაჭერა.

ამის ერთ-ერთ მიზეზად კობერიძემ დაასახელა ის, რომ ქართველ ამომრჩეველს არ სჯერა, რომ ოპოზიციის მხარეს ღირსება დგას.

მისი პოზიციით, ეს იმიტომ ხდება, რომ ოპოზიცია თავის შეცდომებს არ აღიარებს და ერთმანეთს არ აკრიტიკებს.

„ჩემი აზრით, მთელი ოპოზიცია, დიდი ნაწილი, გადასული ვართ ენის მოჩლექვაზე და როცა ცუდი რამ ხდება ოპოზიციაში, არც ვსაუბრობთ, იმიტომ, რომ ახლა არის ბიძინა დასამარცხებელი, ახლა თუ ბიძინაა დასამარცხებელი, მე არ შემიძლია ვილაპარაკო ისეთ საკითხებზე, რაც ხდება.

მე არ მგონია, კაცს ღირსეული ეგონო, როდესაც შენ ენის მოჩლექვით ლაპარაკობ და გიჭირს აღიარება, რომ მე, მაგალითად, არასდროს არ მომეწონება ის, რაც ბოლო ხანებში ხდებოდა, აი, მანქანებს რომ იყოფდნენ. ეს, რაც ხდებოდა, რომ არ მომწონს, ამას რომ ვერ ვიტყვი ეთერში, მე ღირსეული ვერ გამოვჩნდები, იმიტომ, რომ მე ჩემს თავს ვმალავ, ხალხს დავუმალავ, რომ არ შემიძლია თამამად ვთქვა, რომ არასდროს ვითანამშრომლებ არასდროს, ერთ სიაში არ ვეწერები ვანო მერაბიშვილთან, ამას არ ვიზამ. ამაზე თუ არ ვილაპარაკებ, მე ვერ გამოვჩნდები თავმოყვარე და ღირსეული“, – განაცხადა მან.

შეკითხვაზე, ეს მისი პერსონალური პოზიციაა თუ პარტიის, კობერიძემ თქვა, რომ „გირჩი – მეტი თავისუფლება“ შეთანხმდა ამაზე.

„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გავარძელოთ „გირჩის“ კეთება და იმის ძახილი, რომ ახლა ერთობა გადაარჩენს – სიბანძე და სიბანძის ერთობა ვერაფერს ვერ გადაარჩენს. ამაზე ვკამათობდით და პარტია ამ გადაწყვეტილებამდე მივიდა, რომ რაღაცებს სახელები უნდა დავარქვათ.

თანამშრმლობით ჩვენ სულ ვთანამშრომლობდით [ენმ-სთან]. ამის მიღმა, თუ ვისთან ვეწერებით საერთო სიაში, ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ამაზე საუბარი არ არის სწორი, გულწრფელი.

მე არ შემიძლია, როცა ვხედავ, რომ პარტიის ერთი ნაწილი მეორე ნაწილზე ამბობს, რომ „ქოცებზე“ უარესები არიანო,  ეს ხომ ფაქტი იყო? მე ამ დროს ვთქვა, რომ ვაპირებ იმ ხალხთან ყოფნას, რომლის ნახევარიც ამბობს, რომ მეც კი აღარ მინდა ამათთან ყოფნაო, რანაირი „გირჩი“ ვიქნები? რანაირი ცოტნე ვიქნები? რანაირი მართალი ვიქნები?

სანამ არ შევეცდებით, რომ ჩვენი თავები გამოვკვეთოთ და ღირსეულობა დავანახოთ საკუთარი ღირსებით, არაფერი გვეშველება.

ამიტომ არ წევს კობახიძე ბარიერს, რადგან საკითხი ასეა, თუ ბარიერი იქნება, შენ იძულებული ხარ ან „გაქოცდე“, ან „განაცდე“, ასე უყურებს ის ქართულ პოლიტიკას. ამიტომ უთხრა კობახიძემ ევროპელებს, კანდიდატობას როცა მოგვცემ, მაშინ დავწევ ბარიერსო და ახსნა თავისი პირით, რომ უბარიერო სისტემაში ის დამარცხდება.

ბერკეტი, რაც დაამარცხებს ბიძინას, არის ის, რომ ადამიანს დარჩეს საშუალება, ხმა მისცეს იმას, ვინც მოსწონს… ერთადერთი ბერკეტი უბარიერო სისტემაა“, – განმარტა კობერიძემ.