კომიტეტმა ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე გიორგი კალანდარიშვილს დაუჭირა მხარი

პუბლიკა

პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე ცესკოს მოქმედ თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს ერთხმად დაუჭირა მხარი.

კომიტეტმა დღეს თავმჯდომარეობის ორ კანდიდატს მოუსმინა. უმრავლესობის მხარდაჭერა ვერ მოიპოვა თენგიზ თევზაძემ, „პლატფორმა 20/20-ის“ აღმასრულებელმა დირექტორმა.

ამ კანდიდატს ოპოზიციის დეპუტატების წინასწარ გაცხადებული მხარდაჭერა ჰქონდა.

თევზაძეს გასაუბრების დროს „ოცნების“ დეპუტატებმა შეკითხვები არჩევნებთან, პარლამენტის ფორმირებასთან და პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებული მისი განცხადებების გარშემო დაუსვეს. დეპუტატები ინტერესდებოდნენ, როცა წარსულში თევზაძეს მიაჩნდა, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტი არალეგიტიმურია, რა პოზიცია აქვს ახლა, როცა დეპუტატების წინაშე გასაუბრებაზეა და როგორ ხედავს ცესკოს მომავალს.

გიორგი კალანდარიშვილი, ცესკოს მოქმედი თავმდჯომარე, ამ პოსტზე თამარ ჟვანიას გადადგომის შემდეგ, 6 თვის ვადით აირჩიეს, რადგან მან 5 წლის ვადით არჩევისთვის ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო. დღეს მან უმრავლესობის დეპუტატების ხელახალი მხარდაჭერა მოიპოვა.

კომიტეტზე დღეს გაესაუბრნენ ცესკოს წევრის ორ ვაკანტურ პოზიციაზე ქრისტინე ქაჯაიას, ლევან ისაკაძეს, მაია ზარიძეს და გია ცაცაშვილს.

მათგან კომიტეტის მხარდაჭერა მიიღო მაია ზარიძემ და გია ცაციშვილმა. 

კომიტეტის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატების საკითხი საბოლოო კენჭისყრისთვის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გავა.


საქართველოს კანონმდებლობაში ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევის წესი კვლავ შეიცვალა. „მიშელის დოკუმენტით“ გათვალისწინებული ცვლილებების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობამ ხელახლა შეიტანა კანონში ცვლილებები.

ახალი კანონით, თუ ცესკოს წევრის და ცესკოს თავმჯდომარის ასარჩევად საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით გამართული კენჭისყრის შედეგად არ შეივსო ყველა ვაკანსია, ყველა იმ დარჩენილ კანდიდატს, რომელმაც ამ კენჭისყრისას პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვა, დაუყოვნებლივ ხელახლა ეყრება კენჭი.

ხელახალი კენჭისყრისას კი არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა დაუჭერს მხარს.

„მიშელის დოკუმენტით“ გათვალისწინებული კანონის ჩანაცვლებას ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საელჩოების კრიტიკა მოჰყვა.