კომიტეტმა სებ-ის საბჭოს წევრებად პრეზიდენტის წარდგენილ კანდიდატებს მხარი არ დაუჭირა

პუბლიკა

საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე  პრეზიდენტის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილი ორი კანდიდატი – დავით ბაქრაძე და დიმიტრი ჯაფარიძე განიხილეს და მხარი არ დაუჭირეს.

კანდიდატები კომიტეტს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ გააცნო, დეპუტატებმა მოუსმინეს თავად კანდიდატებსაც.

„ჩვენ კანდიდატების კომპეტენციასთან არანაირი შეკითხვა არ გვაქვს, მაგრამ ეს არის მსოფლიო პრაქტიკა, პრეზიდენტი და პარლამენტი უნდა შეთანხმდნენ ისეთ კანდიდატზე, რომელიც იქნება მისაღები. პრეზიდენტს აქვს კანდიდატის წარმოდგენის და ჩვენ – დამტკიცების უფლება და თუ საკითხი უნდა გადაწყდეს, უნდა მოხდეს კონსულტაცია“, – განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დავით ბაქრაძე და დიმიტრი ჯაფარიძე 16 ივნისს წარადგინა.

7 ივნისს „ქართული ოცნების“ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა ვრცელი განცხადება, რომელშიც მმართველი პარტია აცხადებდა, რომ პრეზიდენტი მიზანმიმართულად უქმნის პრობლემებს ეროვნულ ბანკს. ერთ-ერთ პრობლემად „ოცნებამ“ ისიც დაასახელა, რომ პრეზიდენტს ბანკის საბჭოს წევრებობის კანდიდატები არ ჰყავდა დასახელებული.

„ოცნებას“ უპასუხა სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც დაადასტურა, რომ განიხილავდა მოქმედი ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად წარდგენას, თუმცა კანდიდატის დამოუკიდებლობა შეკითხვებს აჩენდა, რადგან მთავრობა მის წარდგენას პრეზიდენტს კატეგორიულად სთხოვდა ზეწოლის და შანტაჟის გზით.