კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „ალტ ინფო“ 2 500 ლარით დააჯარიმა

პუბლიკა

კომუნიკაციების კომისიის ცნობით, ტელეკომპანია „ალტ ინფო“ „უხამსობისა და არასრულწლოვნებისათვის შეუფერებელი მასალის ტირაჟირების გამო“ 2500 ლარით დააჯარიმეს.

კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ საქმე ეხება მაუწყებლის ეთერში 5 მარტს, 21:00 საათზე გასულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თოქ-შოუ „ალტ-ანალიტიკას“.

„გადაცემაში მასობრივად იყო გამოყენებული შეურაცხმყოფელი გამონათქვამები, რომლებიც არა მხოლოდ უცენზუროა, არამედ – კონკრეტულ პირებს და პირთა ჯგუფებს აყენებს შეურაცხყოფას და ხელს უწყობს მათ სტიგმატიზებას. კომისიამ მიიჩნია, რომ გადაცემაში გამოყენებული ლექსიკა ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს, არ გააჩნია საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან მეცნიერული ღირებულება და მისი განთავსებით შეილახა ადამიანის ძირითადი უფლებები.

„ალტ ინფოს“ ეთერში განთავსებულ გადაცემაში წამყვანები ასევე ამართლებდნენ ისეთ ქმედებებს, როგორიც არის ბავშვზე ფიზიკური ძალადობა და, ზოგადად, ძალადობა, რაც არა მხოლოდ მიუღებელია, არამედ – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით დანაშაულია“,- ნათქვამია განცახდებაში.

კანონმდებლობის თანახმად, ასეთი შინაარსის პროგრამა 18 წლამდე არასრულწლოვანთათვის შეუფერებლად მიიჩნევა და არ უნდა განთავსდეს 06:00-დან 24:00 საათამდე.