14 სექტემბერს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წესების კომიტეტმა დაამტკიცა ორპარტიული კანონპროექტი, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს.
კანონპროექტი, რომლის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი გარდაცვლილი სენატორი ლინდსი გრემი იყო, პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის რუსეთის ხელისუფლების სახელით მოქმედი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესაძლებლობის მინიჭებას ითვალისწინებს.
სანქციები შეიძლება შეეხოს მათ, ვინც უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლას, შეთანხმებული სამშვიდობო შეთანხმების დარღვევას ან უკრაინის ხელისუფლებისთვის ძირის გამოთხრას ცდილობს.
კანონპროექტის თანახმად, ტრამპს შესაძლებლობა ექნება, სავიზო და ფინანსური სანქციები დაუწესოს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, რუსული არმიის ზოგიერთ მეთაურს და „ნებისმიერ უცხოელ პირს, რომელიც შეგნებულად აწვდის პროდუქციას რუსეთის სამხედრო ძალებს“.
კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს ჩინეთის, ინდოეთისა და სხვა ქვეყნების მიმართ მკაცრი ტარიფების დაწესების უფლებამოსილებას ითვალისწინებს, რათა შემცირდეს მათი დამოკიდებულება რუსულ ნავთობსა და გაზზე.
კერძოდ, კანონპროექტი ტრამპს მისცემს უფლებას, რუსეთისა და იმ სხვა ქვეყნების საქონელზე, რომლებიც „მონაწილეობენ რუსული წარმოშობის ურანისა და ნავთობპროდუქტების გაცვლაში“, საბაჟო ტარიფი 500 პროცენტამდე გაზარდოს.
ამერიკული მედია წერს, რომ შესაძლოა მიმდინარე კვირის ბოლოს კანონპროექტს უყარონ კენჭი. სენატმა კანონპროექტი 8 აგვისტოს დაამტკიცა 86 ხმით 11-ის წინააღმდეგ.
წარმომადგენელთა პალატის მიერ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში კანონპროექტი თეთრ სახლში გადაიგზავნება, სადაც რესპუბლიკელ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ნათქვამი აქვს, რომ კანონპროექტს მხარს უჭერს.
თუმცა, რესპუბლიკელებისა და დემოკრატების მხარდაჭერა, რომლის წყალობითაც კანონპროექტმა სენატში გაიარა, შესაძლოა წარმომადგენელთა პალატაში საკმარისი არ აღმოჩნდეს, ვინაიდან ტრამპმა კანონპროექტს მხარი დაუჭირა მისი ინიციირებიდან ერთ წელზე მეტი ხნის შემდეგ, რადგან მასში შევიდა დებულებები, რომლებიც პრეზიდენტს ტარიფების დაწესების ახალ უფლებამოსილებებს ანიჭებს.
მათი თქმით, ტრამპს კონგრესის ჩარევის გარეშე უკვე აქვს რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესებისთვის საჭირო უფლებამოსილება, თუმცა მან ამის გაკეთება არ ისურვა.
გზავნილი რუსეთისთვის
Reuters წერს, რომ კანონპროექტის მიღება როგორც უკრაინის, ისე რუსეთისთვის იქნება მნიშვნელოვანი გზავნილი, რომ აშშ მხარს უჭერს კიევის ხელისუფლებას რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წინააღმდეგ ბრძოლაში.
კანონპროექტი პრეზიდენტს რამდენიმე ქვეყნის წინააღმდეგ ტარიფების დაწესების ფართო უფლებამოსილებას მიანიჭებს. ბრუკინგსის ინსტიტუტის ეკონომიკური კვლევების ვიცე-პრეზიდენტი და დირექტორი ბენ ჰარისი Reuters-თან ამბობს, რომ კანონპროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარე ისიც არის, რომ ის რუსეთის მიმართ კონგრესის პოზიციას და უკრაინის მხარდაჭერას აჩვენებს.
ჰარისი, რომელიც ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტში მაღალი რანგის თანამდებობას იკავებდა, ხაზს უსვამს, რომ კანონპროექტი პრეზიდენტისთვის დამატებით ეკონომიკურ ბერკეტს შექმნის.
Reuters-ის წყაროს ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაციაში მიაჩნიათ, რომ კანონპროექტის მიღება პრეზიდენტს დამატებით ბერკეტს მისცემს 24 სექტემბერს ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან დაგეგმილი შეხვედრის წინ.
კანონპროექტი ტრამპს მისცემს უფლებას, 100%-იანი ტარიფები დაუწესოს იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსული ენერგორესურსების მსხვილ მომხმარებლებად მიიჩნევიან. მათ შორისაა ჩინეთი, ასევე აშშ-ის მოკავშირეები: იაპონია და ევროპის ზოგიერთი ქვეყანა. სანქციების გაუქმების საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას კი თავად პრეზიდენტი მიიღებს.
კანონპროექტის ეს ნაწილი უკვე კრიტიკის საგანია. დემოკრატები აცხადებენ, რომ ტარიფების გაზრდის შედეგად შესაძლოა აშშ-ში იმპორტიორებისა და მომხმარებლებისთვის ხარჯები გაიზარდოს. ზოგიერთი რესპუბლიკელი კი სანქციებს თავისუფალ ბაზარზე ჩარევად მიიჩნევს. სხვა რესპუბლიკელები შეშფოთებულნი არიან დამატებითი ტარიფების შესაძლო პოლიტიკური შედეგებით ნოემბრის შუალედური არჩევნების წინ.
ნიუ-იორკელი კონგრესმენისა და წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტში დემოკრატების უმაღლესი რანგის წევრის, გრეგორი მიქსის განცხადებით, კანონპროექტის არსებული ფორმით მიღება ამერიკელებისთვის გაზრდილ ხარჯებსა და ინფლაციას გამოიწვევს.
„თუ წარმომადგენელთა პალატა ამ კანონპროექტს არსებული ფორმით მიიღებს, შედეგი არ იქნება რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ან უკრაინის მხარდაჭერა – შედეგი ამერიკელი ხალხისთვის უფრო მაღალი ხარჯები და მეტი ინფლაცია იქნება“, – აცხადებს მიქსი.
კრიტიკოსები ასევე მიუთითებენ, რომ კანონპროექტი ტრამპს სანქციების მოხსნის ან მათგან გამონაკლისების დაშვების ფართო შესაძლებლობას უტოვებს. მათი შეფასებით, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინაში ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებების ხელშეწყობას ცდილობს.