კონკურენციის სააგენტომ 5 ნავთობკომპანია 4 მილიონამდე ლარით დააჯარიმა

პუბლიკა

კონკურენციის სააგენტომ „ლუკოილი“, „ვისოლი“, „სოკარი“, „რომპეტროლი“ და „გალფი“ ჯამში 3,924,897 ლარით დააჯარიმა.

კონკურენციის სააგენტო წერს, რომ 2022 წლის გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში კომპანიებმა საწვავზე მაღალი ფასი შეინარჩუნეს.

„2022 წლის მარტის თვიდან აგვისტოს თვის ჩათვლით, გააჩნდათ სხვადასხვა და ევროპული წარმოშობის საწვავთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალი თვითღირებულების საწვავი. თუმცა, კომპანიების საცალო საფასო პოლიტიკა იყო იდენტური და პროდუქტის თვითღირებულების ცვლილება არ აისახებოდა საცალო დონეზე;

მოკვლევის ფარგლებში დადგინდა, რომ შპს „რომპეტროლ საქართველოს“ მიერ საცალო ბაზარზე ხდებოდა მაღალი თვითღირებულების მქონე ევროპული წარმოშობის საწვავის საკუთარ საცალო ქსელში გატანა, ხოლო დაბალი თვითღირებულების მქონე ევროპული წარმოშობის საწვავის რეალიზაცია საბითუმო გზით სხვა – მათ შორის კონკურენტ ეკონომიკურ აგენტებზე. მსგავსი ქმედება დაფიქსირდა შპს „ლუკოილ-ჯორჯიას“ შემთხვევაშიც. აღნიშნული სააგენტოს პოზიციით შესაძლებელი იყო მხოლოდ კოორდინირებული ქმედების პირობებში;

მოკვლევის ფარგლებში დადგინდა, რომ შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“, შპს „ლუკოილჯორჯიას“, სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიასა“ და შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ ფასწარმოქმნა ბაზრის საცალო დონეზე, ისევე როგორც საცალო ქსელში ოპერირების საფასო სტრატეგია იდენტური იყო შპს „რომპეტროლ საქართველოსი“, როგორც ევროპული საწვავის იმპორტიორი კომპანიის საცალო ფასწარმოქმნის სტრატეგიის, რამაც ამ უკანასკნელს, მოსალოდნელი კონკურენციის გამორიცხვის პირობებში, შესაძლებლობა მისცა საცალო ქსელში მოეხდინა მაღალი თვითღირებულების მქონე საწვავის რეალიზაცია და პარალელურად საბაჟო საწყობიდან გაეყიდა მნიშვნელოვნად დაბალი თვითღირებულების მქონე პროდუქტი;

მოკვლევის ფარგლებში დადგინდა, რომ გამოსაკვლევი პერიოდის განმავლობაში შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“, შპს „რომპეტროლ საქართველოს“, შპს „ლუკოილ-ჯორჯიას“, სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ და შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ წარმომადგენლებს შორის ხორციელდებოდა აქტიური სატელეფონო კომუნიკაცია;

მოკვლევის ფარგლებში დადგინდა, რომ შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“, შპს „რომპეტროლ საქართველოს“, შპს „ლუკოილ-ჯორჯიას“, სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ და შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ მიერ 2022 წლის მარტის თვიდან აგვისტოს თვის ჩათვლით პერიოდში, განხორციელებული კოორდინირებული ქმედებები წარმოადგენს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემადგენლობას, კერძოდ ეკონომიკური აგენტების კოორდინირებულ ქცევას, რომლის მიზანია ან შედეგია შესაბამის ბაზარზე კონკურენციის შეზღუდვა – გაყიდვის ფასის არაპირდაპირი დადგენის გზით“, – ამბობს კონკურენციის სააგენტო.

კომპანიებზე ჯარიმები შემდეგნაირად განაწილდა:

  • შპს „ლუკოილ-ჯორჯიას“  – 450 590 ლარი;
  • სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ – 693 576 ლარი;
  • შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ – 1 073 859 ლარი;
  • შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმს“ – 718 986 ლარი;
  •  შპს „რომპეტროლ საქართველოს“ – 987 886 ლარი;