კურიერების პროტესტი | Glovo-ში ამბობენ, რომ კურიერებთან შეთანხმება შედგა

პუბლიკა

მიტანის სერვისის კომპანია Glovo-ს კურიერებმა პროტესტი შეწყვიტეს. ისინი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში იმ ცვლილებებს აპროტესტებდნენ, რომლებიც კომპანიამ 24 მაისის ნაცვლად გუშინ, 17 მაისს აამოქმედა.

კურიერების თქმით, კომპანია აღარ აანაზღაურებს შეკვეთის აღებამდე გავლილ მანძილს, ყოველკვირეული ბონუსის სანაცვლოდ კი მათ საათობრივ ბონუსს შესთავაზებს.

კომპანია Glovo სპეციალურად გავრცელებულ განცხადებაში ამბობს, რომ კომპანიასა და პარტნიორ კურიერებს შორის შეთანხმება შედგა და მუშაობა გუშინ ძალაში შესული განახლებული ანაზღაურების სისტემით გაგრძელდება.

„პროტესტი ამოწურულია და აპლიკაცია შეფერხებით აღარ იმუშავებს. Glovo-სა და პარტნიორ კურიერებს შორის შეთანხმება შედგა. 17 მაისიდან ძალაში შევიდა განახლებული ანაზღაურების სისტემა, რომელიც მთლიანად მორგებულია გლოვერების საჭიროებებსა და უსაფრთხოებაზე და უზრუნველყოფს ბონუსური სისტემის სამართლიანი პრინციპით გადანაწილებას და საბაზისო ტარიფის ზრდას. ცვლილებების მიზანია პარტნიორი კურიერებისთვის უფრო მოქნილი, ხელსაყრელი პირობების შეთავაზება. ახალი სისტემის პირობებში, გლოვერებს საშუალება ექნებათ, უფრო მარტივად და სწრაფად გამოიმუშავონ დამატებითი ანაზღაურება“, – ამბობს Glovo.

როგორც თავად კურიერები ამბობენ „პუბლიკასთან“, რაკი Glovo-ს მიერ წარდგენილ პირობებზე კურიერთა ნაწილის დათანხმების გამო, პროტესტის მონაწილე დანარჩენი კურიერებიც იძულებულები გახდნენ, დასთანხმებულიყვნენ ამ პირობას და გაეგრძელებინათ მუშაობა.

„საბოლოოდ სამსახურში ყველა გავდივართ. გაფიცვამ შედეგი ვერ გამოიღო. ერთადერთი – გაფიცვის შედეგად, გარანტია მოგვცეს, რომ ახალი საბონუსე სისტემა მუდამ იქნება ჩართული, თუმცა ამაზეც ვერ ვენდობით. განახლებულ საბონუსე სისტემას არ ვეთანხმებოდით, თუმცა საბოლოოდ ისე მოხდა, რომ ნაწილი დაეთანხმა და გავიდა სამუშაოდ. ნაწილი, ვინც გაფიცული იყო, აზრი აღარ ჰქონდა მათ გაფიცვას იმიტომ, რომ მარტივად ჩაანაცვლებდნენ. ამიტომ ყველა იწყებს ახლა უკვე მუშაობას“, – განაცხადა Glovo-ს ერთ-ერთმა კურიერმა დავით რატიანმა.

კომპანია Glovo ამავე განცხადებაში აღნიშნავს, რომ კურიერების ნაწილს, რომლებსაც დროებით შეჩერებული ჰქონდათ წვდომა აპლიკაციასთან, ბლოკი მოეხსნათ და ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას. 

კურიერები „პუბლიკასთან“ გუშინ ამბობდნენ, რომ საპროტესტო აქციიდან რამდენიმე საათში კომპანიამ 50-მდე „გლოვერი“ სამსახურიდან ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე გაათავისუფლა. როგორც ისინი ამბობდნენ, მათ ორი შეტყობინება მიუვიდათ – ერთში აღნიშნული იყო, რომ კომპანიასა და კურიერებს შორის მოქმედი მომსახურების პირობების მე-11 მუხლის საფუძველზე ანგარიში დეაქტივირებულია და მეორე, რომ ე.წ. კომენდანტის საათის დროს მოქმედი საშვი გაუუქმდათ.