კვიტაიშვილი ხაბეიშვილის შტაბის განცხადებაზე - „ეს არის საზოგადოების სიცრუეში შეყვანის მცდელობა"

პუბლიკა

საარჩევნო კომისიის წევრის ნინო კვიტაიშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა, ჯერჯერობით წინასწარ მხარდამჭერთა რაოდენობა საუბარი შეუძლებელია.

„რაც შეეხება კონკრეტულ განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ რომელიმე კანდიდატის ამომრჩეველმა უფრო იაქტიურა, თითქოს კონკრეტული მონაცემები არსებობს, რომ რომელიმე კანდიდატის მხარდამჭერმა უკვე მისცა ხმა, ლოგიკას მოკლებულია ერთი მარტივი გარემოებიდან გამომდინარე – ჩვენ ვერ ვხედავთ არათუ იმას, ვინ, ვის მისცა ხმა, არამედ იმასაც, რომელმა ამომრჩეველმა მისცა ხმა და რომელს არ მიუცია.
ამიტომ, ციფრებზე აპელირება და იმის თქმა, რომ 10,20, 30 ათასი ამომრჩეველი იყო კონკრეტული კანდიდატის მხარდამჭერი, უბრალოდ არის საზოგადოების სიცრუეში შეყვანის მცდელობა”,- განაცხადა კვიტაიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის წარმომადგენლის ლაშა ფარულავას განცხადებით, ამ დროის მონაცემებით, არჩევნებში ლევან ხაბეიშვილის 21 000-ზე მეტმა მხარდამჭერმა გამოხატა საკუთარი პოზიცია.

„ლევან ხაბეიშვილის შტაბი მომზადებული შეხვდა პროცესს. ჩვენ მუდმივ რეჟიმში გვაქვს კომუნიკაცია ჩვენს მხარდამჭერებთან. შტაბიდან გვაქვს ზუსტი ინფორმაცია, რომ ლევან ხაბეიშვილის 21 000-ზე მეტმა გულშემატკივარმა გამოხატა საკუთარი პოზიცია და მხარი დაუჭირა ცვლილებებს.

ჩვენმა ათასობით ამომრჩეველმა ვერ შეძლო ხმის მიცემის პროცედურის დასრულება, ვინაიდან, იყო შეფერხება, არ მოდიოდა სმს-ი, ვერ გადიოდნენ ვერიფიკაციას, თუმცა, დღეს კომისია იმსჯელებს და ამ პრობლემას ერთობლივად დავძლევთ.

„ნაციონალური მოძრაობის” ყველა გულშემატკივარს, რეგისტრირებულ ამომრჩეველს ექნება შესაძლებლობა, თავისუფლად გამოხატოს საკუთარი დამოკიდებულება და პოზიცია ენმ-ში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით” , – განაცხადა ფარულავამ.

ბოლო მონაცემებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობა 31 275-მა ადამიანმა მიიღო.