„ლაგუნა ვერეს“ თანამშრომელი ამბობს, რომ „TV პირველისთვის“ მიცემული ინტერვიუს გამო გაათავისუფლეს

პუბლიკა

„ლაგუნა ვერეს“ დარაჯი, ზაზა მელაძე ამბობს, რომ „TV პირველის“ ეთერში შაბათს გასული სიუჟეტის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს. მისი თქმით, „ლაგუნა ვერეს“ კომპლექსში 40-წლიანი მუშაობის შემდეგ დაურეკეს და უთხრეს, რომ სამსახურში ხვალიდან აღარ მივიდეს.

„სიუჟეტის გამო გამათავისუფლეს სამსახურიდან, დამირეკეს თავისუფალი ხარო. ხვალ მიწევს მორიგეობა და ვერ გავდივარ, ძლივს გავათენე წუხელ ღამე, ისე ცუდად ვარ. პენსია მქონდა და ეს სამსახური, 300 ლარი, ეს იყო ჩემი შემოსავალი. მე 40 წელი ვიმუშავე და ასე უბედურად გამომაგდეს. მაგრამ უარეს მიზამენ ალბათ, ბავშვებს არ დაერიონ, თორემ სხვას არ ვჩივი. თუ არ გავჩერდები ალბათ უარესს მიზამენ კიდევ”, – ამბობს ის „TV პირველთან“ საუბარში.

„პუბლიკა“ ცდილობს „ლაგუნა ვერეს“ ადმინსტრაციასთან დაკავშირებას. ინფორმაციის მიღებისთანავე მასალა განახლდება.

საქმე ეხება ტელეკომპანიის ეთერში „ნოდარ მელაძის შაბათში“ გასულ სიუჟეტს – „ბიძინას „ჟირაფები“ გმირთა მოედანზე“.  სიუჟეტის ავტორია ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე. მასთან საუბარში „ლაგუნა ვერეს“ თანამშრომელი ჰყვება, რა მდგომარეობაშია ახლა ტერიტორია, როგორ არის განადგურებული და მას მერე რაც ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაში გადავიდა ეს ადგილი არაფერი გაკეთებულა.

„ლაგუნა ვერეს“ და თბილისის ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკის ტერიტორია 2014 წლიდან ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაში არსებული კომპანიის მფლობელობაშია. ის არ ფუნქციონირებს. თბილისი მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ „ლაგუნა ვერე“ მუნიციპალიტეტს დაუბრუნდება და თბილისის მერია აღადგენს.