„ლელო“ გადაადგილების შეზღუდვის წესს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

პუბლიკა

„ლელო-საქართველოსთვის“ წევრმა, თორნიკე ართქმელაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გუშინ ამოქმედებული რეგულაცია, რომლის მიხედვითაც 22:00 სთ-დან 05:00 სთ-მდე მოქალაქეებს ეკრძალებათ გადაადგილება, არაკონტიტუციურია და სწორედ ამიტომ პარტია ამ რეგულაციას საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს.

ართქმელაძის განცხადებით, „ლელოს“ მთელი რიგი მიზეზები აქვს, რატომაც მიიჩნევენ,  რომ ეს რეგულაცია არის არაკონსტიტუციური.

„პირველი და მთავარი გახლავთ ის, რომ საქართველოს კონსტიტუცია პირდაპირ განსაზღვრავს – ეპიდემიის დროს ადამიანების შეკრებისა და გადაადგილების უფლება შესაძლოა, შეიზღუდოს მხოლოდ და მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის დროს და პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტის საფუძველზე“, – აღნიშნავს თორნიკე ართქმელაძე.

მისივე განმარტებით, კანონი, რომლის საფუძველზეც აღნიშნული რეგულაციაა მიღებული, არ აძლევს მთავრობას უფლებას, შეზღუდოს პირების გადაადგილება და არ აძლევს უფლებას მას, რომ შეზღუდოს ადამიანების შეკრება და მანიფესტაცია. ართქმელაძისვე თქმით, აღნიშნული რეგულაცია არის არაპროპორციული და არ ემსახურება ლეგიტიმური მიზნის მიღწევას.

„არ ვაპირებთ, რომ თვების განმავლობაში ველოდოთ საკონსტიტუციო სასამართლოს, თუ როდის მიიღებს ამ სარჩელზე გადაწყვეტილებას და სარჩელთან ერთად ვითხოვთ, რომ საქმის დასრულებამდე აუცილებლად უნდა შეჩერდეს აღნიშნული აქტის მოქმედება და მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ მაქსიმალურად მოკლე ვადებში ჩანიშნოს გამწესრიგებელი სხდომა და განიხილოს საკითხი, შეჩერდეს თუ არა აღნიშნული რეგულაცია“, – ამბობს ართქმელაძე.

„ლელოს“ წევრმა ბრიფინგზე ამავე რეგულაციით დაჯარიმებულ მოქალაქეებს მოუწოდა, რომ ჯარიმა გაასაჩივრონ სასამართლოში, რადგან ართქმელაძის თქმით, ის ნორმა, რომელსაც გუშინ პატრული იყენებდა, სრულად არაკონსტიტუციურია და  აუცილებლად უნდა გააუქმოს საქართველოს  საკონსტიტუციო სასამართლომ.