ლევან ხაბეიშვილი ენმ-ის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

პუბლიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილება მიიღო.

მან რამდენიმე წუთის წინ ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ თანაგუნდელებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღო ეს გადაწყვეტილება.

ლევან ხაბეიშვილმა თქვა, რომ თავმჯდომარის პოსტზე მისი მიზანი იქნება პარტიის გაძლიერება, „რუსი ოლიგარქის დამარცხება და საქართველოს გათავისუფლება“, ასევე მიხეილ სააკაშვილის საკითხის გადაწყვეტა. მან ამისთვის პარტიასთან შტაბის შექმნაც დააინიციირა იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის და სამართლებრივ საკითხებზე კოორდინირებულად იმუშაონ. ხაბეიშვილმა შტაბის ხელმძღვანელობა გიორგი ჩალაძეს შესთავაზა.

ბრიფინგზე ლევან ხაბეიშვილთან ერთად პარტიის წევრებიც იდგნენ, მათ შორის, დავით კირკიტაძე, დიმიტრი შაშკინი, გიორგი ბოტკოველი და ა.შ.

ამ დრომდე ცნობილი იყო, რომ ლევან ხაბეიშვილი პარტიის თავმჯდომარეობას არ აპირებდა.

„არანაირი თავმჯდომარის პოსტი ლევან ხაბეიშვილს არ აინტერესებს, არჩევნებში მონაწილეობას არ ვაპირებ“ – ამის შესახებ მან 10 ნოემბერს განაცხადა.


9 ნოემბერს ბრიფინგზე ენმ-ის წევრმა, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა, რომ პარტიის ნაწილი ყველა სტრუქტურის და თავმჯდომარის არჩევნებს მოითხოვს.

ირაკლი ნადირაძის განცხადებას გამოეხმაურნენ პარტიის ლიდერები და თქვეს, რომ ენმ და თავად ნიკა მელია არჩევნების ჩატარებაზე დიდი ხანია საუბრობს და თანახმაა, თუმცა ამას აპირებდნენ მას შემდეგ, რაც სააკაშვილის საკითხი გადაწყდებოდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ საღამოს განაცხადა, რომ მზადაა ნებისმიერ დროს ამ პროცესის დასაწყებად და არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად.