ლგბტქ+ თემის უფლებებით მანიპულირება და ინსტრუმენტალიზაცია | „თანასწორობის მოძრაობა" თურნავას

პუბლიკა

„სახელმწიფო ცდილობს ლგბტქ+ თემის უფლებებით მანიპულერებასა და ინსტრუმენტალიზაციას და შესაბამისად, ჰესებთან დაკავშირებული რეალური პრობლემების გადაფარვას”, – ასე ეხმაურება „თანასწორობის მოძრაობა” კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს ნამახვანჰესის ინვესტორის წინააღმდეგ მიმართული ჰომოფობიური და ქსენოფობიური რიტორიკის შესახებ. გთავაზობთ ორგანიზაციის განცხადებას:

„თანასწორობის მოძრაობა” არ იზიარებს მინისტრის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას. მაშინ, როდესაც სახელმწიფომ დღემდე ვერ გასცა დამაჯერებელი პასუხები პროექტის უსაფრთხოებასა და ინვესტორთან (შპს „ენკა რინიუებლზ”) დადებული ხელშეკრულების ცალკეულ პრობლემურ ნაწილებთან დაკავშირებით. პროექტის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის, ადგილობრივ მოქალაქეებთან ინტენსიური კომუნიკაციის და საჯარო დისკუსიების ნაცვლად, სახელმწიფო ცდილობს ლგბტქ+ თემის უფლებებით მანიპულერებასა და ინსტრუმენტალიზაციას და შესაბამისად, ჰესებთან დაკავშირებული რეალური პრობლემების გადაფარვას.

„თანასწორობის მოძრაობა” სრულ მხარდაჭერას უცხადებს ადგილობრივი აქტივისტების გულწრფელ, სამართლიან პროტესტს ნამახვანი ჰესის წინააღმდეგ. მიგვაჩნია, რომ არსებული პროტესტი არის ჩვენი ბრძოლაც. ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც ბიზნეს ინტერესებს დანარჩენი მოსახლეობის ინტერესებზე მაღლა აყენებს, ისევე მოქმედებს და რიყავს ლგბტქ+, როგორც ადგილობრივ მოსახლეობას.

მოვუწოდებთ სახელმწიფოს და პოლიტიკური თანამდებობის პირებს, ლგბტქ+ თემის უფლებების ინსტრუმენტალიზაციისა და სამოქალაქო დაპირისპირების წახალისების ნაცვლად, უზრუნველყონ თანასწორობასა და სოციალურ სამართლიანობაზე დაფუძნებული მიდგომების გატარება”, – ნათქვამია განცხადებაში.