მაჩალიკაშვილის საქმიდან ჩანს ფუნდამენტური უფლებრივი სტანდარტების უხეში დარღვევის ნიშნები - EMC

ქეთი გოგუაძე

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი”(EMC) აქვეყნებს თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ მიმდინარე გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარის თქმის პროცესის კრიტიკულ შეფასებას. გთავაზობთ EMC-ის შეფასებას:

რა მოხდა?

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუს) თემირლან მაჩალიკაშვილს და 2017 წლის 26 დეკემბერს დუისსა და ომალოში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებულ 5 პირს ტერორიზმის მხარდაჭერას (სსკ-ის 331-ე პრიმა მუხლი) დებდა ბრალად.

აღნიშნულ ოპერაციას წინ უძღოდა 2017 წლის 21-22 ნოემბერს, თბილისში, ბერი სალოსის გამზირზე განხორციელებული კონტრტერორისტული ოპერაცია, რა დროსაც ერთი პირი დაკავებული იქნა, ხოლო ადგილზე მყოფი სხვა პირები, მათ შორის, ახმედ ჩატაევი, ლიკვიდირებულები იქნენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით, ეს პირები „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები იყვნენ. სუს-ის განმარტებით, ამ საქმის გამოძიების დროს გამოიკვეთა, რომ პანკისის ხეობაში მცხოვრებ რამდენიმე ადამიანს, მათ შორის მაჩალიკაშვილს, კავშირი ჰქონდა სალოსის ქუჩაზე დაკავებულ/ლიკვიდირებულ პირებთან, კერძოდ, უზრუნველყვეს მათი საქართველოში შემოყვანა, დაბინავება და აწვდიდნენ სხვადასხვა საჭირო რესურსს.

„პანკისის სპეცოპერაციის” შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებდა, რომ დაკავების დროს თემირლან მაჩალიკაშვილი ხელყუმბარის გააქტიურებას შეეცადა, რის გამოც სპეცრაზმელმა გამოიყენა პროპორციული ძალა და გაისროლა.

სუს-ის თანამშრომლის მიერ ძალაუფლების შესაძლო გადამეტების ფაქტზე თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა დაიწყო გამოძიება, ხოლო სუს-მა განაგრძო ძიება მაჩალიკაშვილის მიერ ტერორიზმის მხარდაჭერის განხორციელების საქმეზე.

ბრალდების შესახებ დადგენილების არარსებობის ფორმალური არგუმენტით მაჩალიკაშვილის ადვოკატებს უარი ეთქვათ საქმის მასალების გაცნობასა და გადმოცემაზე. სუსი პერიოდულად მედიასაშუალებებით ავრცელებდა ინფორმაციას მაჩალიკაშვილის ჩატაევთან და ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირში მყოფ სხვა პირებთან კავშირის შესახებ.

„ამგვარი გადაწყვეტილებებისა და საინფორმაციო კამპანიის მიზანი თემირლან მაჩალიკაშვილის დამნაშავედ წარმოჩენა და მისი სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებული საზოგადოებრივი კრიტიკისა და სოლიდარობის შესუსტება იყო.

სუს-ის განცხადებებში თვალშისაცემი იყო, ყოველგვარი დათქმისა და სამართლებრივი განმარტების გარეშე, მტკიცებითი ფორმით თემირლან მაჩალიკაშვილის დამნაშავედ წარმოჩენა, რაც მის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევდა და ღირსებას ლახავდა”, – წერს EMC.

EMC-ის მიერ ეს საქმე არა ერთხელ შეფასდა კრიტიკულად და ამ ეტაპზე საქმეს სიცოცხლის უფლების ნაწილში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლო უკვე განიხილავს.

რა წერია საქმის მასალებში?

2020 წლის 27 იანვარს პროკურატურამ საქმეზე გამოძიება შეწყვიტა. ამავე დღეს პროკურორმა მიიღო დადგენილება თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ.

ამ გადაწყვეტილების შემდეგ ოჯახის წევრებსა და ადვოკატებს მიეცათ საშუალება, გასცნობოდნენ საქმის მასალებს.

EMC ამბობს, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის არსებითად ახალი ინფორმაცია ან მტკიცებულება, რომელსაც მანამდე სუსი და ზოგიერთი მედია არ იყენებდა. საქმის მასალების მიხედვით, ძირითადი გარემოებებია:

1. სუს-ის მტკიცებით, საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის შემდგომ აჰმედ ჩატაევმა მაჩალიკაშვილს დაურეკა;

2. მაჩალიკაშვილის საბანკო ანგარიშის ნომერი აღმოაჩინეს ბერი სალოსის გამზირზე არსებულ ბინაში და მის ანგარიშზე თანხას ჩატაევის გარემოცვიდან რიცხავდნენ;

3. მაჩალიკაშვილი თბილისში, შოაიფ ბორზიევთან და ასლამბეკ სოლტახმადოვთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა, ბინაში არსებულ უკაბელო ინტერნეტის პაროლად დაყენებული ჰქონდათ სახელი „თემირლანი” და მაჩალიკაშვილი ეხმარებოდა მობილური ტელეფონების შეძენაში;

4. მაჩალიკაშვილის მობილურ ტელეფონში აღმოაჩინეს ბორზიევისა და ასლამბეკ სოლტახმადოვის ფოტოები, ხოლო მეგობარ გოგონასთან მობილური აპლიკაციით მიმოწერის დროს მაჩალიკაშვილმა „ისტიშხადის” და ა. სოლტახმადოვის, შოაიფ ბორზიევის „ისლამურ სახელმწიფოსთან” კავშირის შესახებ ისაუბრა;

5. მაჩალიკაშვილის მობილურ ტელეფონიდან ამოიღეს „ისლამური სახელმწიფოს” პროპაგანდისტული ფოტო და ვიდეო მასალა.

EMC აცხადებს, რომ ეს მტკიცებები და ინფორმაცია ფრაგმენტული, გადაუმოწმებელი და არაზუსტია და ის აშკარად არ იძლევა საკმარის ფაქტობრივ და სამართლებრივ პირობებს თემრლან მაჩალიკაშვილის ბრალეულობის დასადასტურებლად.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ მიმართეს პროკურატურას დამაზუსტებელი კითხვებით იმ სამართლებრივ დეტალებზე, რომელიც საეჭვოდ ეჩვენებათ, თუმცა, მათი თქმით, გენერალურმა პროკურატურამ თავი აარიდა პასუხი გაეცა კონკრეტული კითხვებისთვის.

სუს-ის მიერ 2 წლის განმავლობაში შეგროვებული ინფორმაცია მთლიანობაში აჩვენებს, რომ ის სათანადო სტანდარტით ვერ ადასტურებს თემირლან მაჩალიკაშვილის ბრალეულობას და აშკარად ჩანს გამოძიებისა და ამ საქმეზე საჯარო პოზიციონირების დროს კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური უფლებრივი სტანდარტების უხეში დარღვევის ნიშნები.

გამოძიების ხელთ არსებული ინფორმაცია შეიძლება ქმნიდა დაკავებისთვის საკმარის სამართლებრივ საფუძველს, რომელიც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისთვის ან/და აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისთვის საჭირო დასაბუთებული ვარაუდის (ანუ ინფორმაციის და ფაქტების (და არა მტკიცებულებების) ერთობლიობის) დაბალ მტკიცებულებით სტანდარტს ითხოვს, თუმცა ის აშკარად არასაკმარისი და დაუსაბუთებელია ალბათობის მაღალი ხარისხით ან გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალეულობის დასადასტურებლად.

საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებების კრიტიკული ანალიზი სრულად იხილეთ ბმულზე. EMC ხაზს უსვამს, რომ შეფასება არსებითია და ლიმიტირებულია სუს-ის მიერ გაზიარებული ინფორმაციისა და მტკიცებულებების შეფასებით.

EMC-ის იურისტი თამთა მიქელაძე მედიასთან ამბობს, რომ ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება, რომელიც ჩატაევთან ზარის განხორციელება იყო, არ დადასტურდა. ნომერი, რომელზეც სუსი უთითებდა მაჩალიკაშვილების ოჯახის არც ერთ ტელეფონში არ იდო. მიქელაძის თქმით, იმ საბანკო ანგარიშზე, რაზეც სუსი უთითებს, არც ერთი გადმორიცხვა არ ფიქსირდება, სუსმა კი სხვა კონკრეტული გზავნილების შესახებ ორგანიზაციას ინფორმაცია არ მისცა.

შეჯამების სახით, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” წერს, რომ მაჩალიკაშვილის სიცოცხლი ხელყოფის საქმეზე ადამიანის უფლებათა სტანდარტების უხეში დარღვევის პარალელურად, გამოჩნდა მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე სამართლებრივი პრინციპებისა და კანონის მოთხოვნების უგულებელყოფისა და ამ საქმის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების ნიშნები, რაც არსებითად აზიანებს სამართლებრივი სახელმწიფოს იდეას.

ნაცვლად იმისა, რომ საგამოძიებო ორგანოებს სუს-ის მიერ დაგეგმილი და ჩატარებული სპეცოპერაციის დროს კანონის მოთხოვნებისა და უფლების სტანდარტების დარღვევის საკითხი სათანადოდ შეეფასებინა, მათ სრულიად უსაფუძვლოდ თ. მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეთან დაკავშირებული გამოძიება დახურეს და არ უპასუხეს ამ საქმეში დაგროვებულ ლეგიტიმურ კითხვებს, ეჭვებსა და კრიტიკას. ამ ფონზე სუს-ი მუდმივად ცდილობდა თ. მაჩალიკაშვილის დეჰუმანიზებას, მის ტერორიზმთან კავშირში განხილვას და ამ გზით მისი სიცოცხლის ფასის დაკნინებას თუმცა, 2 წლის შემდეგ საქმის მასალების გაცნობის შემდეგ, ჩვენთვის აშკარა გახდა, რომ ეს ინფორმაცია საეჭვო, არასათანადოდ შესწავლილი და არაზუსტია და მთლიანობაში სათანადო დასაბუთებით სტანდარტით თ. მაჩალიკაშვილის ბრალეულობაზე არ მიუთითებს.

EMC-ის შეფასებას სრულად გაეცანით ბმულზე;