მადლობა მეუფე ნიკოლოზს, მაგრამ მე არანაირ პატიმრობას არ ვიღებ - სააკაშვილი

პუბლიკა

„ძალიან დიდი მადლობა მეუფე ნიკოლოზს თავის ეპარქიაში ჩემს შინაპატიმრობაში გადაყვანის ინიცირებისთვის. მე არაერთხელ ვარ იქ ნამყოფი. მართლაც ჯადოსნური, სიყვარულით და ინტელექტუალური და სულიერი ენერგიით სავსე ადგილია. მაგრამ, საქმე იმაშია, რომ მე არანაირ პატიმრობას არ ვიღებ, მათ შორის შინაპატიმრობას, დაფუძნებულ უსამართლო „განაჩენებზე“, – ასე ეხმაურება საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კუმორდოს, კარისა და ახალქალაქის მიტროპოლიტ ნიკოლოზის ინიციატივას.

მიტროპოლიტის ინიციატივის მიხედვით, ის მზადაა ეპარქიაში სააკაშვილისთვის სივრცე გამოყოს, რათა ექსპრეზიდენტი შინაპატიმრობაში იყოს.

როგორც სააკაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილში აღნიშნავს, მისი ამოცანაა, „ჰქონდეს საშუალება, იყოს თავისუფალი და გადაადგილდებოდეს საქართველოში“.

„ჩვენს მოქალაქეებს გისოსებიდან და სასამართლოს შუშის მეორე მხრიდან კი არ ვუყურებდე, არამედ ხელს ვართმევდე, მხარზე ხელს გადავხვევდე, თვალებში ვუყურებდე, პირადად ვუსმენდე და ძალღონე არ დავიშურო მათი ამ უბედური მდგომარეობის გადასალახად.

მე ჩამოვედი იმიტომ, რომ მომენატრა ჩვენს ხალხთან ასეთი ურთიერთობა და იმედია, ჩვენს ხალხსა და ჩემს შორის გისოსებს ერთობლივი ძალით გავწევთ გვერდზე და ბადრაგები ვეღარ გაგვყოფენ მე და ჩვენს თანამოქალაქეებს.

ივანიშვილს კი მინდა ვუთხრა, უნდა მიიღოს ორი რეალობა – ერთი, რომ უკვე საქართველოში ვარ და მეორე, რომ დიდხანს გისოსებში ვერ გამაჩერებს და თუ მომკლავს, ეგ დაასრულებს. იფიქრე ამ სიტუაციის ცივილიზებულ, მშვიდობიან და ყველასათვის მაქსიმალურად უმტკივნეულოდ გადაწყვეტაზე“, – ამბობს სააკაშვილი.


„მე, პირველ რიგში ვითარებიდან გამოსავალს სახელმწიფოს ვთავაზობ. კარგი იქნება, თუ მიღებული იქნება გადაწყვეტილება, რომ პრეზიდენტი შინაპატიმრობაში იყოს. ჩემი აზრით, მოსახერხებელი იქნება, რომ ის არ იყოს თავის სახლში თბილისში, ამიტომ ჩემი ეპარქია შევთავაზე. დანარჩენი, თუ მოეწონება სახელმწიფოს ეს ინიციატივა, ჩამობრძანდებიან ალბათ, ადგილს შეარჩევენ, მე შუამავალი ვიქნები სახელმწიფოსა და მეორე მხარეს შორის“, – განაცხადა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა 19 იანვარს.