მაისში უქმეები დაანონსებულია, მაგრამ მასშტაბის შესახებ საბჭოს ისევ იმსჯელებს - გამყრელიძე

პუბლიკა

საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ქვეყანაში არსებულ ეპივითარებაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოში ვირუსის გავრცელება მასშტაბურ სახეს იძენს. ყველა ინდიკატორი გაუარესებულია და მოსახლეობას ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით დაწესებული რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდა.

ამირან გამყრელიძეს კითხვა 4 -11 მაისს გამოცხადებული უქმე დღეების შესახებაც დაუსვეს. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებაზე საბჭომ დღესაც იმსჯელა.

„ეს ყველაფერი დამოკიდებულია აპრილის ეპიდვითარების განვითარებაზე. დღესაც იყო ამ საკითხზე მსჯელობა საკოორდინაციო საბჭოზე, მაგრამ ეს საკითხი გადაიდო. კიდევ უნდა დავაკვირდეთ ერთი კვირა, 10 დღე ეპიდსიტუაციას და მერე იქნება გადაწყვეტილება. უქმეები დაანონსებულია, მაგრამ რა მასშტაბის და ფორმატის იქნება, ამაზე საკოორდინაციო საბჭო ჩამოყალიბდება და მოსახლეობას ეცნობება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

9 აპრილს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დამსაქმებლებს თანამშრომელთა დისტანციურ სამუშაო რეჟიმში გადაყვანის რეკომენდაციით მიმართავს, 4-11 მაისი საბჭომ კი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად გამოაცხადა.