მაკა ბოჭორიშვილი რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას - საგარეო

პუბლიკა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მაკა ბოჭორიშვილი ვაშინგტონში, აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს მიწვევით, მონაწილეობას მიიღებს „პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ“ მინისტერიალში, რომელიც ხუთშაბათს გაიმართება.

მედიაში გავრცელებული ცნობებით, მინისტერიალში მონაწილეობას 70-ზე მეტი ქვეყნის დელეგაცია მიიღებს.

ივნისში სააგენტო Reuters წერდა, რომ სამიტი ეფუძნება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ანტიტერორისტულ სტრატეგიას, რომელსაც მან ხელი მაისში მოაწერა.

აღნიშნული სტრატეგია ფოკუსირებულია იმ ჯგუფების იდენტიფიცირებასა და ნეიტრალიზებაზე, რომლებსაც თეთრი სახლი უწოდებს „ძალადობრივ, სეკულარულ პოლიტიკურ ჯგუფებს, რომელთა იდეოლოგიაც არის ანტიამერიკული, რადიკალურად ტრანსგენდერული ან ანარქისტული, როგორიცაა, მაგალითად, Antifa“.

14 ივლისს ABC-მ გამოაქვეყნა მასალა, რომლის მიხედვითაც, მინისტერიალის მთავარი თემა იქნება იმ საფრთხესთან ბრძოლა, რომელსაც ტრამპის ადმინისტრაცია „ტრანსნაციონალური ულტრამემარცხენე ტერორიზმის აღზევებით“ გამოწვეულ და უყურადღებოდ დატოვებულ საფრთხედ აფასებს.

ABC-ის ცნობით, უცხო ქვეყნების მთავრობებისთვის გაზიარებულ წერილში შეხვედრის კონცეფცია შემდეგნაირადაა აღწერილი: „ეს საფრთხე ზედმეტად დიდხანს რჩებოდა საერთაშორისო თანამეგობრობის ანტიტერორისტული დღის წესრიგის „ბრმა წერტილად“; მიუხედავად იმისა, თუ რაოდენ საშიშია იგი, მას სათანადო ყურადღება არ ექცეოდა და არც შესაბამისი რესურსები გამოიყოფოდა“.

მედიის ცნობით, ამავე წერილში აღნიშნულია, რომ სამართალდამცავი ორგანოებისა და ტერორიზმთან ბრძოლის ექსპერტებმა გამოავლინეს „მკაფიო ტენდენცია“, რომლის მიხედვითაც გლობალურად დაკავშირებული და პოლიტიკურად მოტივირებული ტერორისტები – განსაკუთრებით კი უკიდურესი მემარცხენე შეხედულებების მქონენი – საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად სულ უფრო ხშირად მიმართავენ ორგანიზებულ და მომაკვდინებელ ძალადობას.

ABC-ის მიხედვით, დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ხუთშაბათს ვაშინგტონში დაგეგმილი შეხვედრა საფუძველს ჩაუყრის „კოორდინირებულ ქმედებებს“ იმ საერთაშორისო ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც „დაშინებისა და ტერორის კოორდინირებული კამპანიების გზით უკიდურესი პოლიტიკური ხედვის განხორციელებას ცდილობენ“.

გამოცემის მიხედვით, თავდაპირველად ღონისძიებაში დაახლოებით 60 ქვეყნის წარმომადგენლების მონაწილეობა იყო მოსალოდნელი, თუმცა სახელმწიფო დეპარტამენტმა პლატფორმა X-ზე გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ მინისტრთა დონის შეხვედრის მასშტაბებს გააფართოებდა.

მათი ცნობით, გადაწყვეტილება „უზარმაზარი ინტერესით“ იყო განპირობებული და ითვალისწინებდა დამატებით ქვეყნების მოწვევას, რომლებიც „ულტრამემარცხენე ძალადობის მზარდი საერთაშორისო საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლაზე მუშაობენ“. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებით, გაიგზავნა 10-ზე მეტი დამატებითი მოწვევა.