მაქვს კონკრეტული ამოცანა პრეზიდენტ მიშელისგან, დავეხმარო მხარეებს მედიაციის პროცესში - დანიელსონი

პუბლიკა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირად წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა ოპოზიციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ აგრძელებს მუშაობას და არის საკითხები, რომელიც ისევ გადასაწყვეტია.

„ჩვენ გვქონდა კარგი შეხვედრა დღეს ოპოზიციასთან, ვაპირებთ ამ შეხვედრების გაგრძელებას. მექნება შეხვედრა პრეზიდენტთან. მაქვს კონკრეტული ამოცანა პრეზიდენტ მიშელისგან დაკისრებული, რომ დავეხმარო მხარეებს მედიაციის პროცესში. დღეს დილით უკვე ვთქვი, რომ მნიშვნელოვანი სამუშაო უკვე ჩატარდა, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და არის სერიოზული საკითხები, რომელიც რჩება გადასაწყვეტი და მნიშვნელოვანია, რომ ახლა მხარეებმა, რომლებიც იყვნენ კონსტრუქციულები, გააგრძელონ კომპრომისის გზით სვლა“, – განაცხადა დანიელსონმა.


კრისტიან დანიელსონი ოპოზიციის წარმომადგენლებს დღეს დილით შეხვდა, შემდეგ კი პრეზიდენტ ზურაბიშვილთან შეხვედრაზე გადაინაცვლა.

შვედი დიპლომატი ქრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. სამი დღის განმავლობაში შეხვედრები გამართა როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ისე ოპოზიციურ პარტიებთან. გუშინ დღის ბოლოს იყო მოლოდინი, რომ 3-დღიანი მოლაპარაკებების ბოლოს გაიმართებოდა ერთობლივი შეხვედრა ოპოზიციასა და „ოცნებას“ შორის, თუმცა შეხვედრიდან გამოსულმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები ბრიუსელში პრემიერ- მინისტრის ვიზიტის შემდეგ განახლდება. არჩილ თალაკვაძემ კი აღნიშნა, რომ ოპოზიციის მხრიდან ჯერ კიდევ საჭიროა ნაბიჯების გადადგმა. ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში სამთავრობო დელეგაციასთან ერთად დღეს გაემგზავრა.