მართლაც უბედური ვითარებაა, მაგრამ ახლავს შანსებიც და ამას მხოლოდ ერთად ყოფნით გამოვიყენებთ - უსუფაშვილი

პუბლიკა

ფრაქცია „ლელოს“ წევრმა დავით უსუფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უკრაინასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების” განცხადებები და მოქმედებები გააკრიტიკა და მმართველ პარტიას ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ურთიერთთანამშრომლობისკენ მოუწოდა. მან ასევე ბოდიში მოიხადა „ქართული ოცნების” დეპუტატის მიხეილ ყაველაშვილს გინების გამო და აღნიშნა, რომ ამის გამო ასევე ბოდიშით უნდა დაეწყო გამოსვლა „ოცნების” ლიდერებს, რაც მათ არ გააკეთეს. გთავაზობთ მის გამოსვლას:

„მინდა ჩემი გამოსვლა დავიწყო იმით, რომ ძალიან დიდი იმედი მქონდა, რომ უმრავლესობის ლიდერი და მმართველი პარტიის თავმჯდომარე დაიწყებდა თავის გამოსვლას. ნუ რა ვქნა, ვერ ვკარგავ ხოლმე რაღაც იმედებს და არც დავკარგავ ცხოვრებაში. მე ვიტყვი იმას, რაც მგონია, რომ მათ უნდა ეთქვათ თითოეული მოქალაქისთვის, ყოველი დედისთვის, ბავშვისთვის, ვინც მოისმინა ამ დარბაზში გაჟღერებული სიტყვები და ბოდიშს მოიხდიდა. მე ვიხდი ჩემი კოლეგა, ბატონი ყაველაშვილის ნაცვლად ბოდიშს. ვინც შეურაცხყოფილია ადამიანურად, და ვინც შეურაცხყოფილია ინსტიტუციურად. და ვისაც ამისი ვალი გქონდათ, ამის ნაცვლად კი აგრძელებთ და პრაქტიკულად უერთდებით ამ ყველაფერს და რაც უფრო უხეში, უწმაწური სიტყვები იქნება ნათქვამი, რაც უფრო მეტად გვიწოდებს ვინმე არსებას, მარაზმატიკს, ტაში უფრო მქუხარე იქნება.

გავიგე ეს ყველაფერი. მაგრამ ახლა აქ ჩვენ პერსონალური ანგარიშსწორებისთვის არ ვართ მოსული, არც ბატონი თავმჯდომარის ოთახში ვიყავით შესული რამე პერსონალურ, ვიწრო პოლიტიკურისთვის. როდესაც საგანგებო სხდომის თაობაზე შეთანხმებული ტექსტით, შეთანხმებული სცენარით, შეთანხმებული დროშებით, შეთანხმებული დროით , ერთიანობის დემონსტრირებისთვის ჩვენებისთვის გვინდოდა ამის გაკეთება. ამის ნაცვლად მივიღეთ ჩაკეტილი კარი.

დიახ, მე ვადასტურებ იმ  უბინძურეს კამპანიას, რაც მიმდინარეობს პრემიერ-მინისტრისა და „ქართული ოცნების” წინააღმდეგ. მაგრამ ვადასტურებ იმასაც, რომ ამის მწარმოებელი მთავარი პირი არის პრემიერ-მინისტრი, იმიტომ რომ მისი ყოველი გამოსვლაა ეს კამპანია. რატომ? იმიტომ, რომ ეს ყველაფერი მიმართულია იმ ძალიან ვიწრო ჯგუფის მიმართ, ვისაც სიამოვნებს ამ ყველაფრის მოსმენა. რით ვაპირებთ ჩვენი ქვეყნის დაცვას? – დემოკრატიული, თავისუფალი სამყაროს იმედად ვარსებობთ ხომ?!

და როდესაც დემოკრატიულ, თავისუფალ სამყაროს იმ დონეზე ვემიჯნებით საქმით, როგორც ჩვენ მოვახერხეთ გამიჯვნა, (ესაა პრემიერის ყოველდღიური რიტორიკა) რისი იმედი გვაქვს ჩვენ ხვალ? სახელმწიფოებრივი ინტერესი ხომ ისაა, რომ საქართველო უნდა გაძლიერდეს, და დღეს როდესაც უპრეცედენტო ერთიანობაა დემოკრატიული-თავისუფალი სამყაროს, და არამხოლოდ პოლიტიკური სამყაროს, ფიფა და უეფა და ოპერები და ყველა, ერთი მიმართულებით არიან მობილიზებული, ხომ შეიძლება ჩვენც გადავდგათ ადეკვატური ნაბიჯები?! მე ვიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ საჰაერო სივრცის დაკეტვა არაა სწორი, სომხეთის გამო, მაგრამ ხომ შეიძლება ვიფიქროთ სანქციებზე, რომელიც ჩვენ უკვე გვაქვს. ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების თემასთან დაკავშირებით. ხომ შეიძლება, ლუჰანსკის და დონეცკის მიმართ, მათი ამღიარებლების მიმართ გავაკეთოთ სანქციები?! და ამით გადავდგათ ნაბიჯი, რომ ჩვენც შეგვიძლია სანქციები? ეს არ ანგრევს ეკონომიკას. ეს არ არის სახიფათო. უბრალოდ ჩვენ აქეთ უნდა მოვიმართოთ.

ევროკავშირთან ინტეგრაციის თემა – სიტყვები გასაგებია, ძალიან კარგია. მაგრამ იქნებ ბატონო თავმჯდომარე, ამ სუპერ დაპირისპირებისა და მისი გაღვივებისა ფონის ნაცვლად, იქნებ ახლა ერთობლივ საპარლამენტო დელეგაციაზე ვფიქრობდეთ. სადაც ოპოზიციაც და ხელისუფლებაც ერთად ჩავალთ ბრიუსელში, იქ ვიქნებით, ამ წუთში იქ ჩვენი საკითხის განხილვას არავინ აპირებს, მაგრამ ფიზიკურად იქ ვიქნებით, რომ ჩვენც იქ ვართ. რომ პრეზიდენტისთვის აქედან მიგვემართა პარლამენტის საერთო რეზოლუციით. რომ საქართველოს პრეზიდენტს აქვს ჩვენი უპირობა მხარდაჭერა. – ამ საკითხებზე უნდა ვიმსჯელოთ ჩვენ. არის მართლა უბედური ვითარება და მაგრამ ვითარებას ახლავს შანსები, და ეს შანსები მხოლოდ ერთად ყოფნით იქნება გამოყენებული. და არა ერთმანეთზე აყოლით და შეჯიბრით, ვინ უფრო მაგრად შეიგინება. მადლობა”, – აღნიშნა მან.