მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, მომდევნო 24 საათი არის მნიშვნელოვანი - ტიკარაძე ექთნის შესახებ

პუბლიკა

მულტიპროფილური ექიმების კონსილიუმი ახალციხიდან გადმოყვანილი ექთნის მდგომარეობაზე, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრიც ესწრებოდა, დასრულდა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ამ დროისთვის პაციენტის მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე და მისი მდგომარეობის დინამიკისთვის მომდევნო 24 საათი იქნება კრიტიკულად მნიშვნელოვანი.

„ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა შეფასებულია შოკის კლინიკით. მისი მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე. ამ ეტაპისთვის მას უტარდება ყველა საჭირო კვლევა, რომელიც შემდგომში იქნება გათვალისწინებული მისთვის საჭირო მკურნალობის ტაქტიკის შემუშავებისთვის…

შემდეგი 24 საათი არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი პაციენტის დინამიკის განვითარებისთვის და უნდა დაველოდოთ შემდგომ მოვლენებს. ამ ეტაპისთვის პაციენტის მდგომარეობა არის კრიტიკულად მძიმე, მაგრამ არა უიმედო“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის ლევან რატიანის თქმით, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ პაციენტი გამოიყვანონ შოკური მდგომარეობიდან.

„ჰემოდინამიკა არასტაბილურია, მინდა გითხრათ, რომ ჩატარდა ყველა კვლევა, რაც პროტოკოლითაა გათვალისწინებული. მინდა ჩვენს მოსახლეობას ვუთხრა, რომ ყველაფერი გაკეთდება ამ სიცოცხლის გადასარჩენად.

ჩატარდა როგორც ინსტრუმენტული, ისე კლინიკური კვლევები. ლაბორატორიული კვლევების მონაცემები მნიშვნელოვანი ცვლილებების გარეშეა. რადგან აქ იყო დაუზუსტებელი შოკი. იცით, რომ გაკეთდა ინექცია. თუმცა, ვერ გეტყვით რამ გამოიწვია მისი მდგომარეობის დამძიმება, ამისთვის საჭიროა დამატებითი კვლევები.

ჩვენი მიზანია, რომ რაც შეიძლება სწრაფად იქნას პაციენტი გამოყვანილი შოკური მდგომარეობიდან და რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს მისი გამოჯანმრთელება“, – განაცხადა ლევან რატიანმა.


ახალციხეში ერთ-ერთი ექთნის მდგომარეობა სავარაუდოდ კორონავისურზე აცრის შემდეგ გართულდა. ექთანი თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ექთნის მდგომარეობა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, სავარაუდოდ, ანაფილაქსურმა შოკმა დაამძიმა.

„ის ვითარდება ინექციიდან 15-30 წუთში. ზოგადად მიღებულია, რომ საშუალოდ იმ ვაქცინაზე, რომელსაც კაცობრიობა იყენებს ბავშვებზე, ესეთი შოკი ხდება მილიონში ერთი. ეს რეაქცია შეიძლება წავიდეს მსუბუქად, მძიმედ და შეიძლება დასრულდეს ფატალურადაც“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ მას შემდეგ, რაც საქართველოში ვაქცინაციასთან დაკავშირებით პირველი სერიოზული გართულების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.