მდინარაძე ვოლსკის ჟესტზე ამბობს, რომ ძნელი მოსათმენია, როცა მამისტოლა კაცს აგინებ

პუბლიკა

მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ ფრაქციის თავმჯდომარეს ჰკითხეს, რას ფიქრობს, გია ვოლსკის შეურაცხმყოფელი ჟესტის შესახებ და აქვთ თუ არა მათ თმენის ვალდებულება.

„ჩვენ ყველას გვაქვს თმენის ვალდებულება“, – უპასუხა მდინარაძემ და დასძინა – „არ მგონია, თავად გიამ თქვას, რა კარგი რამ გავაკეთეო, თუმცა მეორე მხარეც აქვს ამ ყველაფერს. მე ნამდვილად არ ვცდილობ რაღაცის გამართლებას ან გამტყუნებას, მაგრამ, როდესაც მამისტოლა კაცს აგინებ, მონას ეძახი და ამ დროს შენი პროტესტი დაგეგმილია და სათავეში უდგას „ეფესბეს“ აგენტურა, შეიძლება, გულწრფელიც კი იყო ამ შემთხვევაში, მაგრამ დაორგანიზებულია ეს ყველაფერი „ეფესბეს“ აგენტურისა და რუსული საქმის მკეთებელი ხალხის მიერ, ეს ყველაფერი ძნელი მოსათმენია, თუმცა ამართლებს თუ არა, ეს მეორე საკითხია“.

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გია ვოლსკიმ მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისთან შეკრებილ აქტივისტებს, რომლებიც „მონას“ ეძახდნენ, შეურაცხმყოფელი ჟესტი უჩვენა, რასაც „ოცნების ოფისთან“ შეკრებილ აქტივისტებში ხმაური მოჰყვა.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცავებმა პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან 12 პირი დააკავეს.

როგორც „პუბლიკას“ შსს-ში განუცხადეს, მოქალაქეები ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები.

პარტიის ოფისში პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.