მძიმე ეპიდვითარების ფონზე პრემიერი ხალხმრავალ სუფრას შეუერთდა

პუბლიკა

დღეს, 7 აგვისტოს პრემიერ-მინისრტი ირაკლი ღარიბაშვილი ძიუდოისტ ლაშა ბექაურთან ერთად სოფელში არხილოსკალოში ჩავიდა. ოლიმპიურ ჩემპიონს მშობლიურ სოფელში დახვედრა მოუწყვეს.

ქვეყანაში არსებული გაუარესებული ეპიდვითარების მიუხედავად,  facebook-ზე გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ხალხმრავალ სუფრას პრემიერ-მინისტრიც შეუერთდა.

მძიმე ეპიდვითარების ფონზე მთავრობის, ასევე საკოორდინაციო საბჭოს წევრები მოქალაქეებს მოუწოდებენ, დაიცვან რეკომენდაციები – ატარონ პირბადე, მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებს, უარი თქვან თავყრილობების გამართვაზე, ასევე, ქორწილებისა და ქელეხების გადახდაზე.

ამ რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდებს მოქალაქეებს თავად პრემიერი ღარიბაშვილიც. 26 ივლისის განცხადებაში მან ასევე აღნიშნა, რომ ეპიდვითარების გაუარესება, „უპასუხისმგებლო რამდენიმედღიანი აქციების შედეგი არის ის, რაც მოხდა. ამ აქციების შემდეგ მოხდა პრატქიკულად გაორმაგება ინფიცირების შემთხვევების”.

„კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, გამოვიჩინოთ ყურადღება და სიფრთხილე, პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ჩვენს აქტივობას, ეს იქნება ნებისმიერი შეკრება თუ ხალხმრავალი შეკრებები“, – დასძინა ღარიბაშვილმა.


7 აგვისტოს სტატისტიკით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 4 216 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჩატარდა 45 351 ტესტი, მათ შორის 26 470 ანტიგენის და 18 881 PCR.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 6 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.3%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.33% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.25%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 735 პირი, გარდაიცვალა 38 პაციენტი.