„მე დღეს ვემხრობი კომენდანტის საათის გაგრძელებას“ - კალოიანი

პუბლიკა

ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებელმა და პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრმა ვახტანგ კალოიანმა  ტელეკომპანია „რუსთავი 2-თან“ განაცხადა, რომ ის ემხრობა ე.წ. კომენდანტის საათის გაგრძელებას.

მისი თქმით, მაშინ როდესაც პირბადის გარდა ქვეყანაში არ არსებობს არანაირი თავდაცვის საშუალება რეგულაციების ერთბაშად მოხსნა კარგი არ არის.

„რეგულაციებთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ გავაკეთოთ სისტემური ანალიზი და არ გადავიდეთ ბრალდებების რეჟიმში. რა დინამიკა გვაქვს ჩვენ რეგულაციების მარტიდან მოყოლებული? ეს არის, საყვარელი სიტყვა იყო ერთი პერიოდი, ტეხილი. გვაქვს ან ძალიან მკაცრი რეგულაციები, რომელშიც ჩვენ ძალიან დიდი ფასს ვიხდით, მაგრამ თუ დავადებთ ჩვენ ერთმანეთს გადახდილ ფასსა და შედეგს არც ისე ოპტიმისტურად გვაქვს საქმე…

გვაქვს ძალიან მკაცრი რეგულაცია და მერე გვაქვს სრული მოშლა რეგულაციის, რაც ჩვენ ვნახეთ ზაფხულში და ოქტომბერში, მაგრამ ეს ძირითადად იმიტომ იყო რომ არჩევნებზე იყო ხალხი მოსაყვანი. შემდეგ გვაქვს ისევ ძალიან მკაცრი რეგულაცია, რომლის არგუმენტირება ზოგჯერ, აუცილებელი და საჭირო რეგულაციისაც კი, ძალიან ჭირს ხოლმე იმდენად ცუდია კომუნიკაცია მოქალქეებთან. დღეს კი ვღებულობთ სრულ დერეგულაციას რეალურად მაშინ, როდესაც არანაირი ახალი თავდაცვის მექანიზმი არ გვაქვს.

ძალიან მნიშვნელოვანია ეს რეგულაციები იყოს განგრძობითი, თანაბარი და გასაგები. ამ შემთხვევაში მოქალაქეების დამყოლობა და ნდობა ბევრად მეტია, როცა გვაქვს თანაბარი რეგულაცია.

მე დღეს ვემხრობი კომენდანტის საათის გაგრძელებას, ეს ძალიან არაპოპულარულია, რასაც ახლა ვამბობ.  ღამის საათებში მობილობის შემცირება და ზრდა იზომება გარკვეული პროცენტებით – ღამის გადაადგილება, დღის გადაადგილება, საზოგადოებრივო ტრანსპორტის ჩართვა ან გამორთვა… ყველა ამას აქვს გავლენა მობილობის პროცენტზე. შესაბამისად, ჩვენ ახლა როცა ყველაფერი მოვხსენით, არანაირი შემაკავებელი ბარიერი არ არსებობს, ამ პროცენტის მობილობის გაზრდაც იქნება ჩემი აზრით ძალიან დრამატული ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, “- ამბობს ვახტანგ კალოიანი.

როგორც ის ამბობს, მისთის ასევე გაუგებარია რატომ გაიხსნა რესტორნების და საკვები ობიეექტების შიდა სივრცეები, რადგან ყველაზე ხშირი გადაცემა ხდება სწორედ კვების პროცესში.