„მე დიასპორა არ ვარ“ | საქართველოში მცხოვრებმა ეთნიკურმა უმცირესობებმა პარლამენტთან აქცია გამართეს

პუბლიკა

„მე დიასპორა არ ვარ“, – საქართველოში მცხოვრებმა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა პარლამენტთან საპროტესტო აქციას გამართეს.

15 მარტს საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ბაზაზე ეროვნული უმცირესობების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო შეიქმნა. სწორედ ამას მოჰყვა საქართველოს მოქალაქე ეთნიკური უმცირესობებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების შეფასება.

აქციის მონაწილეებმა პარლამენტში წერილიც შეიტანეს, სადაც აღნიშნეს, რომ ეროვნული უმცირესობების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შექმნა მნიშვნელოვანია, თუმცა ასეთი საბჭოს შექმნა დიასპორის კომიტეტის ბაზაზე – მიუღებელი:

„როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, 14 მარტს თქვენი კომიტეტის ბაზაზე ეროვნული უმცირესობებთან ურთიერთობების სამეცნიერო საკონსულტაციო საბჭო შეიქმნა. აღნიშნული საბჭოს შექმნა არსებითად მნიშვნელოვანია, თუმცა, ასეთი საბჭოს შექმნა დიასპორის კომიტეტის ბაზაზე ჩვენთვის მიუღებელია, რადგანაც საქართველოს არადომინანტური ეთნიკური ჯგუფები არიან საქართველოს სრულფასოვანი მოქალაქეები და ისინი არ წარმოადგენენ არც ერთი ქვეყნის დიასპორას. შესაბამისად, გთხოვთ, რომ თქვენი კომიტეტის ბაზაზე შექმნილი საბჭო გააუქმოთ და მსგავსი ფორმის საბჭო შეიქმნას ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო თანასწორობის კომიტეტის ბაზაზე.

აქვე, გვინდა აღვნიშნოთ, რომ უკვე შექმნილი საბჭოს წევრების შერჩევის პროცესი არსებიტად არაინკლუზიური, არადემოკრატიული და მხარეების ჩართულობის გარეშე იყო. შესაბამისად, იმედი გვაქვს, რომ ახალი საბჭოს შექმნის პროცესი უფრო მეტად ინკლუზიური და დემოკრატიული იქნება“, – აღნიშნულია წერილში.