მედიაცია უნდა გაგრძელდეს და დასრულდეს ლოგიკური შედეგით - ეკონომიკის სამინისტრო ნამახვანჰესზე

პუბლიკა

„ეკონომიკის სამინისტროს პოზიციაა, რომ მედიაციის პროცესი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და დასრულდეს ლოგიკური შედეგით“, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ დავით თვალაბეიშვილმა მას შემდეგ განაცხადა, რაც „რიონის ხეობის მცველებმა“ განაცხადეს, რომ ე.წ. მედიაციის პროცესს ტოვებენ. მინისტრის მოადგილის კომენტარს სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

დავით თვალაბერაშვილის განცხადებით, მედიაციის პროცესი არ უნდა შეწყდეს მხოლოდ იმიტომ, რომ მასში მონაწილე რომელიმე მხარეს პროცესი არ მოსწონს ან მის დღის წესრიგს არ შეესაბამება.

„ჩვენ კვლავაც მიგვაჩნია, რომ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრის მედიაცია ეფექტიანი ფორმატია მხარეების პოზიციების დაახლოებისა და საქართველოსა და მისი ხალხის სასარგებლო გადაწყვეტილების მისაღებად.

შესაბამისად, ჩვენი შეფასებით, მედიაციიდან „რიონის ხეობის მცველების“ გასვლა კიდევ ერთი დასტურია, რომ პროტესტში მონაწილე ზოგიერთი ორგანიზაციის მიზანი არა ნამახვანის ჰესის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებში ობიექტურად გარკვევა და მათ მიერ დასმულ შეკითხვებზე პასუხის მიღება, არამედ მხოლოდ პროექტის უპირობო, ყოველგვარი საფუძვლისა თუ მიზეზის გარეშე გაჩერებას წარმოადგენს.

ვფიქრობთ, რომ მედიაციის დაწყებიდან დღემდე კარგად გამოიკვეთა, თუ ვის მიზნებშია ნამახვანის ჰესის პროექტის განხორციელებისთვის ხელის შეშლა“, – ნათქვამია მინისტრის მოადგილის განცხადებაში.


ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ევროკავშირის ენერგოგაერთიანების ჩართულობით მიმდინარე მოლაპარაკების ფორმატს ტოვებს. მოძრაობამ გადაწყვეტილების არგუმენტაციის შესახებ ვრცელი განმარტება დღეს გაავრცელა.

„ვადასტურებთ, რომ საპროტესტო მოძრაობის საინიციატივო ჯგუფმა ამ პროცესში მიაღწია წითელ ხაზს, რომლის გადაკვეთა შეუქცევადად დააზიანებს პროტესტს. მივიჩნევთ, რომ პრემედიაციის პროცესი წარიმართა მნიშვნელოვანი ხარვეზებით. ამ ხარვეზების შესახებ ჩვენ ვსაუბრობდით ყოველი ონლაინ ჩართვისას და გამოვხატავდით კრიტიკულ დამოკიდებულებას წერილობით, ონლაინ ჩართვების შემდეგ მედიატორთან მიმოწერებში“, – ვკითხულობთ განცხადებაში.