მედიაკოალიცია ნიკა გვარამიას საქმეზე შარლ მიშელს მიმართავს

პუბლიკა
მედიის ადვოკატირების კოალიცია “მთავარი არხის” დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმეზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს მიმართავს. ხელმომწერები შარლ მიშელს შუამდგომლობას სთხოვენ, რადგან მიაჩნიათ, რომ მიშელის მიმართვამ შესაძლოა სალომე ზურაბიშვილს გადაადგმევინოს ჰუმანური ნაბიჯი და შეიწყალოს ნიკა გვარამია.

“2022 წლის 2 ნოემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა ნიკა გვარამია, დამოუკიდებელი ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებელი და დირექტორი. ჩვენი ღრმა რწმენით, ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული საქმე, ხოლო მის მიმართ წარდგენილი ბრალდებები უსაფუძვლოა. ამაზე მიუთითებდა საქართველოს სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ სასამართლოში წარდგენილი დამოუკიდებელი მოსაზრებებიც.

ვფიქრობთ, რომ ნიკა გვარამია დღეს პატიმარია მხოლოდ იმიტომ, რომ ის არის ხელისუფლების ხმამაღალი კრიტიკოსი და აქვს დიდი გავლენა საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე. მის მიერ შექმნილი ტელეკომპანია „მთავარი არხი“ კი სხვა ტელეკომპანიებთან ერთად, ხელისუფლების მხრიდან თავდასხმისა და შევიწროების მუდმივი ობიექტია.

ვფიქრობთ, რომ ნიკა გვარამიას პოლიტიკური მოტივით დაპატიმრება უდიდესი დაბრკოლებაა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციაც ცალსახად გმობს მისი დაპატიმრების ფაქტს და საქართველოს ხელისუფლებას რეალური რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებს.

საქართველოს სასამართლო სისტემაში არსებული მძიმე გამოწვევების ფონზე და კრიტიკული მედიის მიმართ „ქართული ოცნების“ აგრესიული პოლიტიკის გათვალისწინებით, არ ველით, რომ ნიკა გვარამიას უფლებები დაცული იქნება უზენაეს სასამართლოში. ერთადერთ გზად მისი უსამართლო პატიმრობის აღსაკვეთად პრეზიდენტის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალება გვესახება. საქართველოს პრეზიდენტს უკვე არაერთმა საზოგადოებრივმა თუ პოლიტიკურმა ჯგუფმა მიმართა ამ თხოვნით.

ვფიქრობთ, თქვენმა, როგორც საქართველოს დემოკრატიული განვითარების ერთგული მხარდამჭერის მიმართვამ შესაძლოა საქართველოს პრეზიდენტს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს გადაადგმევინოს ჰუმანური და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, შეიწყალოს კრიტიკული მედიის დირექტორი და პატიმრობიდან გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმარი.

ბატონო მიშელ, თქვენი შუამდგომლობა სერიოზულ წვლილს შეიტანს საქართველოში სიტყვის თავისუფლების დაცვაში და ძალას შემატებს ქართველი ხალხის მისწრაფებას ევროპისაკენ.”