მეგის ქარდავა საქართველოშია ექსტრადირებული

პუბლიკა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა საქართველოში უკვე ექსტრადირებულია.

ის კიევი-თბილისის რეისით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოიყვანეს.

თვითმფრინავის ბორტიდან გადმოსვლის შემდეგ მეგის ქარდავამ დაიჩოქა და მიწას აკოცა.

მას სპეციალური პენიტენციური სამსახურის მანქანით სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანენ.

მეგის ქარდავას ექსტრადირება უკრაინიდან მოხდა. მის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, ეს პოლიტიკური შეთანხმების აქტია.

ქარდავამ მოუწოდა სახალხო დამცველსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, დაიცვან მისი ინტერესები და უსაფრთხოება.

საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ 2013 წლიდან ძებნილი მეგის ქარდავა დამნაშავედაა ცნობილი 5 საქმეზე მათ შორის, „ციხის ბუნტის“, ნავთლუღის სპეცოპერაციის და პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეებზე და ყველა მათგანზე დაუსწრებლად აქვს მისჯილი თავისუფლების აღკვეთა.

თბილისის საქალაქო სასამართლო მეგის ქარდავას წინააღმდეგ 6 საქმეს ჯერ კიდევ განიხილავს.