მელიას დაკავებაზე გახარიას პოზიცია 17 თებერვლის 5 საათზე უცბად შეიცვალა | კობახიძე

პუბლიკა

პარტია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხზე გიორგი გახარიას პოზიცია 17 თებერვლის 17:00 საათზე შეიცვალა. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრა.

როგორც კობახიძე ამბობს, ნიკა მელიას დაპატიმრების ოპერაციის დროის შესახებ 17 თებერვლის 17:00 საათამდე იმდროინდელი პრემიერის გიორგი გახარიას პოზიცია ზუსტად იდენტური იყო იმისა, რაც ჰქონდათ „ქართული ოცნების” გუნდის სხვა წევრებს.

„17 თებერვლის 17:00 საათამდე მისი პოზიციები ზუსტად გუნდის იდენტური იყო, თუმცა რატომღაც 5-ზე ეს პოზიცია უცბად შეიცვალა.“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ჟურნალისტის კითხვა: რატომ გახსოვთ ასე ზუსტად რომ გიორგი გახარიას პოზიცია დღის 5 საათზე შეიცვალა?

„გამომდინარე იქიდან რომ იყო გარკვეული კომუნიკაცია ტექნიკური საშუალებებით და დაახლოებით ეს დრო იყო როცა ეს კომუნიკაცია შედგა. დაფიქსირდა კომუნიკაცია, რომ უნდა გადადებულიყო ეს ოპერაცია და შედეგ საუბარი იყო ორი დღით გადადებაზე. არგუმენტი ჩვენთვის არ იყო მყარი და არგუმენტი იყო რომ თითქოს ორი დღის შემდეგ ადამიანების კონცენტრაცია იქნებოდა ნაკლები. ჩვენ კი, ლოგიკურად ვმსჯელობდით იმაზე, რომ პირიქით, კონცენტრაცია გაიზრდებოდა და ასეც მოხდა. თუ გახსოვთ 2 დღეში ოფისში გაიზარდა ადამიანების კოცენტრაცია რამაც გაართულა ოპერაციის ჩატარება.“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო ჩახნაშვილმა ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ განჩინება 17 თებერვალს, დაახლოებით, 22:20-ზე, გამოაცხადა. მმართველი პარტიის ხელმძღვანელობას კი კობახიძის განცხადების თანახმად, 17 თებერვალს, 17:00 საათამდე, მმართველ პარტიაში შეჯერებული ჰქონდა პოზიცია მელიას დაპატიმრების ოპერაციის ჩატარების შესახებ.