მერია: გოგებაშვილის საფლავის ქვა ჩავარდა სიძველის გამო და არა ჩვენი სამუშაოების

პუბლიკა

თბილისის მერია იაკობ გოგებაშვილის საფლავის დაზიანების შესახებ ცნობებს დეზინფორმაციას უწოდებს და აღნიშნავს, რომ საფლავსი ქვა სიძველის გამო ჩავარდა. სავარაუდოდ სუს-დან გაჟონილ მასალებში კი აღნიშნულია, რომ იაკობ გოგებაშვილის საფლავი სადრენაჟო სამუშაოების შედეგად დაზიანდა და ცხედრის ნაწილები გაიბნა.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს გავაკეთოთ განმარტება ქართველი საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის საფლავის დაზიანების თაობაზე გავრცელებულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით.

2019 წელს, მთაწმინდის პანთეონში თბილისის მერიამ განახორციელა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი. კერძოდ, მოეწყო სადრენაჟე სისტემა, რომელიც მანამდე არ არსებობდა და მოსული ნალექი ხშირად იწვევდა საფლავების დატბორვას. რაც შეეხება იაკობ გოგებაშვილის საფლავისა და ნეშტის დაზიანებას, გავრცელებული ინფორმაცია არის სრული სიცრუე.

პანთეონის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოებს არ გამოუწვევია საფლავის დაზიანება. საფლავის ქვა ჩავარდა სიძველის გამო, რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობა ძეგლთა დაცვის სააგენტოს და საფლავის ქვა ყველა პროცედურის დაცვით აღადგინეს“, – აღნიშნულია თბილისის მერიის განცხადებაში.


სავარაუდოდ, სუს-დან გაჟონილ მასალებში იაკობ გოგბეაშვილის საფლავის დაზიანების შესახებ ვკითხულობთ:

„კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ანთიძემ ალავერდელ მიტროპოლიტ დავით მახარაძეს აცნობა, რომ ქ.თბილისის მერიის შესაბამისი სამსახური, მთაწმინდის პანთეონში აწარმოებდა სადრენაჟო სამუშაოებს, რა დროსაც დაზიანებულ იქნა იაკობ გოგებაშვილის საფლავი, რასაც მოჰყვა ცხედრის ნაწილების გაბნევა. ნ.ანთაძის თქმით, იმისთვის, რომ მომხდარი არ გახდეს ცნობილი მედიისთვის და საზოგადოების ფართო მასებისთვის, აუცილებელია დაუყოვნებლივ გატარდეს შესაბამისი აღდგენითი სამუშაოები.

არსებული ინფორმაციით, პატრიარქის დავალებით, ამ მომენტისთვის მიმდინარეობს ნეშტის ახალ სასახლეში ჩასვენების პროცესი, რის შემდგომაც გადაიხდიან პანაშვიდს და დაკრძალვას”, – ვკითხულობთ ჩანაწერებში.