მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა

პუბლიკა

მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა.

ის სხვადასხვა დროს პრეზიდენტის მრჩევლისა და თანაშემწის პოზიციებს იკავებდა საგარეო საკითხებში.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, ლუკა ეხვაია საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევარი და სპეციალისტია. კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლაში მას საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრის ხარისხი აქვს მიღებული, ხოლო ბოლონიის უნივერსიტეტში – პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტის მაგისტრის ხარისხი.

იგი ასევე იყო ლაიფციგის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სადოქტორო პროგრამის გლობალური და რეგიონული კვლევების მიმართულების დოქტორანტი, მოგვიანებით კი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში პოლიტიკის მეცნიერების დოქტორანტი.

მას ასევე, ჰქონდა Tik-Tok ანგარიში „ფუკოს ქანქარა”, სადაც ის საერთაშორისო საკითხებს მიმოიხილავდა. ანგარიშის აღწერაში აღნიშნულია, რომ „ფაქტებს კიდიათ ემოციები”.

ლუკა ეხვაია ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის გაწყვეტას საჯაროდ ზეიმობდა.

„ნამდვილო ქართველებო, გილოცავთ, დღეს კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადავდგით დეკოლონიზაციისა და დამოუკიდებლობის გზაზე, თანამედროვე სამყაროს უდიდესმა იმპერიამ და დაღმავალმა ჰეგემონიურმა ძალამ – აშშ-მა ჩვენთან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება შეაჩერა, რითაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის ახალი ფურცელი გადაიშალა.

ყველა მხრიდან გვიტევენ, გარე თუ შიდა მტრები, მაგრამ ამ ომიდან გამარჯვებულები გამოვა ჩვენი დიადი, ღირსეული და დაუმორჩილებელი ერი!”, – წერდა ეხვაია.