მიმდინარე კვირაში covid-19 მოსწავლეთა 0,01%-ს დაუდასტურდა | სამინისტრო

პუბლიკა

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში, ინტენსიური მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად, ქვეყნის მასშტაბით, Covid-19 მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის 0,1%-ს და მოსწავლეთა საერთო რაოდენობის 0,01%-ს დაუდასტურდა.

განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ მშობელთა თხოვნით, ასევე, კოვიდის დადასტურების მიზეზით, ქვეყნის მასშტაბით სრულ დისტანციურ სწავლებაზეა 17 სკოლა და 145 ცალკეული კლასი. საქართველოს მასშტაბით რისკ-ჯგუფში მყოფმა 69 მასწავლებელმა მიმართა თხოვნით სკოლის ადმინისტრაციას და დარჩა დისტანციური სწავლების ფორმატში.

მათი ცნობით, ვირუსის გამოვლენის შემთხვევებში სკოლებზე კვლავ წერტილოვანი შეზღუდვები გავრცელდება და ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლის გათვალისწინებით იმოქმედებენ.


ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 355 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 19 737 კვლევა ტესტით, მათ შორის 12 307 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 430 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 5 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.8 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.6 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.44%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 91 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 266 344-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 567 პირი ემსხვერპლა.