მიმდინარეობს პარალელური პროცესი, რომ ვაქცინა შემოვიტანოთ ქვეყანაში უფრო ადრე, იანვრის ბოლოს - გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სხვა სამთავრობო არხების ჩართულობით, მიმდინარეობს პარალელური პროცესი, რათა ქვეყანამ მარეგულირებლების მიერ დამტკიცებული ვაქცინის, დაახლობით, 200-300 ათასი დოზა იანვრის ბოლოს ან თებერვლის დასაწყისისთვის შემოიტანოს.

„მიმდინარეობს პარალელური პროცესი საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სამთავრობო არხებით, რომ მარეგულირებლებისა და მათ შორის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული ერთ-ერთი ვაქცინა შემოტანილი იქნეს ქვეყანაში უფრო ადრე, იანვრის ბოლოს, ან თებერვლის დასაწყისში, საუბარია 200 000-დან 300 000 დოზაზე, რათა, რაც შეიძლება ადრეულ ეტაპზე, დაიწყოს ქვეყანაში ვაქცინაცია, ანუ ეს არის პროცესი, რომლითაც ჩვენ, დაახლოებით, 20-დან 30%-მდე უნდა მოვიცვათ მოსახლეობა წლის პირველ ნახევარში, შემოდგომამდე და შემდეგ, რა თქმა უნდა, კიდევ გავზარდოთ.

იმისთვის, რომ მივიღოთ კოლექტიური იმუნიტეტი საზოგადოებაში, გვჭირდება, რომ იყოს აცრილი მინიმუმ 50-დან 60%-მდე მოსახლეობის. პირველ ეტაპზე, აიცრებიან რისკჯგუფები. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი პირველი ამ რისკჯგუფებში იქნებიან ჩვენი კოლეგები სამედიცინო პერსონალი, ასევე – მოხუცთა სახლები, ხანდაზმულები ქრონიკული დაავადებებით, სხვა რისკჯგუფებიც, ჯერ კიდევ მიმდინარეობს ამაზე მუშაობა და ყველასთვის ცნობილი იქნება თუ ვინ აიცრება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე განმარტებით, საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას კოვაქს-პლატფორმიდან დიდი ალბათობით, მარტ-აპრილში მიიღებს.

„ევროკავშირს და ეგრეთ წოდებულ კოვაქს-პლატფორმას, რომელზეც ჩვენ ვართ გაერთიანებული, რამდენჯერმე გაუწყეთ, რომ წინასწარი შენატანი, ოთხი მილიონი დოლარი გადარიცხული გვაქვს. სულ ჯდება 17 მილიონი დოლარი. გათვლილია 700 ათასი ადამიანისთვის, ანუ მოსახლეობის 20 პროცენტის აცრა მოხდება ორჯერადად მილიონ 400 ათასი დოზით. ანუ ვყიდულობთ მილიონ 400 ათას დოზას კოვაქს-პლატფორმით. ამ დამტკიცებული ვაქცინებიდან, არ ვიცით, რომელი იქნება. როგორც გვაქვს ინფორმაცია, „კოვაქსი“ შეისყიდის 4-5 ვაქცინას, ხოლო ჩვენ ისეთი სახის კონტრაქტით გვაქვს ფული გადახდილი, რომ ამ ოთხი-ხუთიდან შეგვიძლია, ავარჩიოთ, რომელი შემოვიტანოთ საქართველოში. შემოტანის დრო, დიდი ალბათობით, უნდა იყოს მარტი-აპრილი. ახლა ინტენსიურად ვმუშაობთ დანერგვის გეგმაზე და სამი სცენარი სხვადასხვა ვაქცინასთან მიმართებით მუშავდება, თუ რომელი ვაქცინა იქნება, რომ შესაბამისი სცენარი ცივი ჯაჭვის და აცრის პროცედურის, აწყობილი იყოს“, – განაცხადა გამყრელიძემ.