მივესალმებით „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ხელშეკრულების ხელმოწერას - დეგნანი

პუბლიკა

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ ის მიესალმება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 19 აპრილის შეთანხმების დოკუმენტზე ხელის მოწერას. მისი თქმით, ეს ხელმოწერა არის ნიშანი, რომ შეთანხმება შედგეს პოლიტიკურ სივრცეში და გატარდეს დაგეგმილი რეფორმები.

როგორც აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა აღნიშნა, შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერა და შემდეგში გასატარებელი რეფორმები შეეხება თითოეული ქართველის ცხოვრებას.

„მივესალმებით ნაციონალური მოძრაობის ამ გადაწყვეტილებას, ეს ხელმოწერა არის მართლაც კარგი ნიშანი იმისა, რომ შეთანხმება შედგეს  პოლიტიკურ სივრცეში. ეს არის მართლაც კარგი ნიშანი იმისა, რომ რეფორმები გასატარებელია და ამ შემთხვევაში საქართველოს ლიდერებს შორის უნდა იყოს ეს მოლაპარაკება. რა თქმა უნდა, ევროპული და ამერიკული მხარე ყველანაირად ეცდება, რომ დაეხმაროს ამ პროცესს. მაგრამ ეს არის ქართულ ლიდერებს შორის მიმდინარე პროცესი და ეს კარგი პროცესია, ეს არის ნიშანი იმისა, რომ ის რეფორმები, რომლებიც დაგეგმილია, აუცილებლად განხორციელდება. რაც გააძლიერებს მთლიანად საქართველოს, დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე და წინასაარჩევნო პროცესსაც შეუწყობს ხელს“, – განაცხადა მან.

გუშინ, 1 სექტემბერს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ პარტია შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ  19 აპრილის შეთანხმების დოკუმენტს ხელს აწერს.

ივლისში „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ ის 19 აპრილის შეთანხმმების დოკუმენტს ანულირებულად აცხადებს და მიზეზად მმართველმა პარტიამ დაასახელა „ნაციონალური მოძრაობა“, რადგან მათ დოკუმენტზე ხელი არ ჰქონდათ მოწერილი.