მივმართეთ საკოორდინაციო საბჭოს, რომ ღია სივრცეში კოლექტიურ შეკრებაზე პირბადე აუცილებელი გახდეს - გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, საკოორდინაციო საბჭოზე მიდის მსჯელობა გარკვეული შეზღუდვების გამკაცრებაზე. მათ შორის, გამყრელიძის თქმით, მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რეკომენდაცია გასცენ დადგენილებაში ცვლილბებისთვის, რომ ღია სივრცეებში, სადაც კოლექტიური შეკრებები ხდება, პირბადის ტარება აუცილებელი გახდეს.

„მოშვებულია მოსახლეობა, პირბადის ტარება დახურულ სივრცეებშიც აღარ ხდება. დღეს იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ ღია სივრცეებშიც დაწესდეს პირბადესთან მიმართებით რეკომენდაცია.

თქვენ იცით, რომ ჩვენ ვიძლეოდით რეკომენდაციას, რომ ღია სივრცეებში, სადაც იკრიბება გარკვეული რაოდენობა ადამიანების, არის კოლექტიური შეკრებები, აუცილებელი ყოფილიყო პირბადის ტარება. დღეს ამის შესახებ გადაწყვეტილება არის და შტაბი დაამუშავებს ამ საკითხს. ალბათ გარკვეული ცვლილებები შევა პირბადის ტარებასთან მიმართებით იმ ღია სივრცეებში, რომლებშიც ადამიანების გარკვეული რაოდენობა იკრიბება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გარდა ამისა, ამირან გამყრელიძის თქმით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა შეიმუშავა სხვა შეზღუდვების რეკომენდაციათა ნუსხაც და მიაწოდა საკოორდინაციო საბჭოს, რომ თუ ეპიდსიტუაცია გაუარესდება, შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდეს.

„ჩვენ წარვადგინეთ მთელი ნუსხა რეკომენდაციების, სადაც მთავარი არის, ერთი მხრივ, იმუნიზაციის და ვაქცინაციის პროცესის ინტენსიფიცირება მაქსიმალურად. დღეს გვქონდა, იცით, ყველაზე მაქსიმუმი – 11 000, მაგრამ სამწუხაროდ, დღევანდელი ჯავშანი არის 6 000-მდე. ამიტომ მეტი და მეტი მოწოდება ადამიანებს და მეტი აქტიურობა, რომ ავიცრათ.

მეორე მხრივ, გონივრულობის ფარგლებში  გარკვეული შეზღუდვების დაწესება. მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ თუ ეპიდსიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდება და იქნება გაუარესების ტენდენცია, ჩვენ, დაავადებათა კონტროლის ცენტრი, უფრო მკაცრი შეზღუდვების რეკომენდაციას დავაყენებთ“, – თქვა გამყრელიძემ.