საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში დიტმირ ბუშატი გამოეხმაურა.
„როგორც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი, ყურადღებით ვაკვირდები საქართველოში მიმდინარე პროცესს. კოლექტიური პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება პარტიების მხრიდან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის.
მნიშვნელოვანია, რომ დავუბრუნდეთ კონსტრუქციულ დიალოგს და პატივი ვცეთ კანონის უზენაესობას. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მზადაა საქართველოს მხარი დაუჭიროს ამ პროცესში“, – წერს Twitter-ზე ალბანელი პოლიტიკოსი.
საქართველოში საპარალმენტო არჩევნების შემდეგ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაწყებული დაპირისპირება რამდენიმე დღის წინ გაღრმავდა. პროკურატურამ 20 ივნისის საქმეზე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას დაკავება მოითხოვა იმ მიზეზით, რომ მან არ შეასრულა აღკვეთის ღონისძიების პირობები.
ნიკა მელიას პარლამენტმა იმუნიტეტი ახალი მოწვევის პარლამენტშიც მოუხსნა, თბილისის საქალაქო სასამართლომ კი 17 თებერვალს მას პატიმრობა შეუფარდა. ოპოზიცია სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. სხვადასხვა პარტიის პოლიტიკოსების „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისშიც შეიკრიბნენ ნიკა მელიას მხარდასაჭერად და განაცხადეს, რომ პოლიციის მცდელობას, დააკავოს ნიკა მელია მშვიდობიანი გზით შეეწინააღმდეგებოდნენ.
18 თებერვალს, მოულოდნელად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გადადგა.
როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში არსებული სხვადასხვა გამოწვევისა და რისკის პირობებში, პოლიტიკური ესკალაციის დრო არ არის. მისივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით მან გუნდთან ერთობლივ აზრს ვერ მიაღწია და ამიტომ მიიღო გადადგომის გადაწყვეტილება.
პრემიერის გადადგომასთან დაკავშირებით, შსს-მ ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილების აღსრულება გადადო.
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო კი გახარიას თანამდებობიდან წასვლიდან რამდენიმე საათში შეიკრიბა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა. ღარიბაშვილი მოქმედი თავდაცვის მინისტრია, რომელიც 2013-2015 წლებსი ერთხელ უკვე იყო პრემიერ-მინისტრი.