მობილიზებულია 6 000 საწოლი, საიდანაც 5 200 დაკავებულია - გაბუნია

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, დღეისათვის ინფიცირებულთა განსათავსებლად სულ მობილიზებულია 6 000 საწოლი, საიდანაც 5 200 დაკავებულია, რაც აჩვენებს, რომ დატვირთვის მაჩვენებელი მაღალია.

მისივე თქმით, მალე საწოლფონდს სულ მცირე 1 500 ადგილი დაემატება.

„6 000-დან 216 არის რეანიმაციულ განყოფილებაში. მობილიზაცია გრძელდება ყოველდღიურად. ამ კვირაში ჩვენ გვაქვს უკვე კონკრეტული სქემა, რომელ დღეს ჩაერთვება დამატებითი საწოლფონდი, რადგან ამის საჭიროება ჩანს, რომ იქნება. სასტუმროები ასევე დაგვეხმარება და იგეგმება, რომ მოკლე დროში დაემატოს სულ მცირე 1500 საწოლი“, – განაცხადა გაბუნიამ.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 19 375 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 264 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 665, გარდაიცვალა 26 პაციენტი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.52 %.