მობილიზებულია სამართალდამცავი ორგანოები, ადგილზეა სპეცდანიშნულების რაზმი - ყვარლის მერი

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციის თანამშრომლები ყვარელში, ჭავჭავაძის ქუჩაზე არიან მობილიზებული. პირველადი ინფორმაციით, საქართველოს ბანკის ფილიალში შეჭრილია შეიარაღებული პირი.

ყვარლის მერი, როსტომ სესიაშვილი „რუსთავი 2-თან“ სატელეფონო საუბრისას ამბობს, რომ ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სპეცდანიშნულების რაზმი.

„ბანკის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია სამართალდამცველი ორგანოები, პერიმეტრი სრულად დაცულია და მიმდინარებს აქტიური მუშაობა, რომ მოქალაქეების უსაფრთხოების ნორმები იყოს დაცული“, – ამბობს სესიაშვილი.

კითხვაზე – რამდენი პირი იმყოფება ბანკში ან რა არის მძარცველის მოთხოვნა – სესიაშვილი პასუხობს, რომ ჯერჯერობით ამის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ აქვს. მისივე თქმით, პოლიციასა და მძარცველს შორის ამ დროისთვის კომუნიკაცია არ შემდგარა.

„თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე პოლიციის თანამშრომლებმა მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია. ამჟამად ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები ატარებენ ყველა საჭირო და გადაუდებელ ღონისძიებას, ასევე მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს – დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და დაემორჩილონ ადგილზე პოლიციელთა მითითებებს”, – წერია შსს-ს განცხადებაში.