„მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის” 14 ნოემბერს პარტიის დამფუძნებელ ყრილობას გამართავს. მოძრაობა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„პარტიად გარდაქმნა საქართველოს ახალი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე პირქუშ დროში გადავწყვიტეთ, როცა დემოკრატიის ფასადურობამ და ხალხის ეკონომიკურმა დაბეჩავებამ ოლიგარქიული ავტორიტარიზმის მძევლებად გვაქცია, ქვეყანას მოუშალა მომავლის ხედვის ორიენტირი, ჩვენი საერთო სიმდიდრე კი ერთეულებს ჩაუგდო ხელში.
სწორედ ასეთ დროს ვდგამთ ამ ნაბიჯს, რადგან მიგვაჩნია, რომ საქართველოს სჭირდება პოლიტიკური ძალა, რომელსაც ექნება მყარი და თანმიმდევრული წარმოდგენა, როგორ გამოვიდეთ იმ მოჯადოებული წრიდან, რომელსაც დამოუკიდებლობის აღდგენიდან მოყოლებული უკვე მერამდენედ შევყავართ ავტორიტარიზმის ჩიხში.
ჩვენ გვჯერა, რომ ეს მოცემულობა გარდაუვალი არ არის. მისი შეცვლა შეგვიძლია, თუ ძალისხმევას გავაერთიანებთ და პოლიტიკას ისევ საერთო საქმედ ვაქცევთ. სწორედ ამიტომ ვქმნით პარტიას: არა იმისთვის, რომ ქართულ პოლიტიკას კიდევ ერთი ორგანიზაცია შევმატოთ, არამედ იმისთვის, რომ ერთად შევქმნათ ძალა, რომელსაც ამ სისტემის შეცვლა შეუძლია.
პარტიას იმავე პრინციპებზე ვაგებთ, რომელთა დამკვიდრებაც მომავალ თავისუფალ საქართველოში გვინდა. ჩვენ ვქმნით ერთობას, რომელიც არ დგას „ლიდერებზე” და სადაც დემოკრატია ყველა წევრის ყოველდღიური შრომითა და თანამშრომლობით იქმნება.
ამ თარიღის შერჩევას წინ უძღოდა ხანგრძლივი და სისტემური მუშაობა – მუშაობა ჩვენი ერთობის გაძლიერებაზე, მუშაობა თანამოქალაქეებთან ყველგან სადაც კი ეს შესაძლებელი იყო, მუშაობა საზოგადოებრივ გაერთიანებებთან ქვეყნის სხვადასხვა წერტილში, მუშაობა ჩვენს პროგრამულ ხედვაზე მომავალი საქართველოს შესახებ.
პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელ სოციალ-დემოკრატთა იდეალებით შთაგონებულებს გვჯერა, რომ საქართველო მხოლოდ მაშინ გაარღვევს უსამართლობის, ავტორიტარიზმისა და სიღარიბის წრეს, როცა ქვეყნის სიმდიდრე და ძალაუფლება სამართლიანად გადანაწილდება; როცა გვექნება საკმარისი პოლიტიკური და ეკონომიკური ძალა, რომ თავად განვკარგოთ ქვეყანა; დავიცვათ თანასწორი, მრავალფეროვანი და სოლიდარული საზოგადოების იდეა.
ჩვენ არ ვეუბნებით ადამიანებს, რომ უბრალოდ „ხმა მოგვცენ”, არამედ მოვუწოდებთ, თავად გახდნენ ახალი, სახალხო პარტიის ხერხემალი და თანაშემოქმედები.
შემოერთებისკენ მოვუწოდებთ ყველას, ვინც ფიქრობს, რომ არ არსებობს დემოკრატია სოციალური სამართლიანობის გარეშე; რომ ის ეკონომიკური ბორკილები რომელიც დღეს გვადევს ვალის, უმუშევრობის, უღირსი სამუშაო პირობების, უსახლკარობის სახით, ჩვენი პოლიტიკური ტყვეობის წინაპირობაცაა; ველით ყველას, ვისაც სჯერა, რომ მხოლოდ ეკონომიკურად ძლიერი, თანასწორი და სოლიდარული მოქალაქეების ერთობა შეძლებს იყოს თავისუფალი, მონაწილეობდეს ქვეყნის მართვაში და იცავდეს დემოკრატიას”, – წერია განცხადებაში.