მოიძიეთ ნებისმიერი ტიპის აქტივი, რომლის პრივატიზაციაც შეიძლება - კალაძის დავალება ვიცე-მერს

პუბლიკა

დღეს ქალაქის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ ეკონომიკაზე პანდემიით გამოწვეული უარყოფითი გავლენების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, საბიუჯეტო შემოსავლების ნაწილში სურათი გაუარესდა. მან ასევე ისაუბრა ბიზნესსექტორის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე და განაცხადა, რომ ბიზნესსექტორს როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა ექნება.

ამავე სხდომაზე მან დავალება მისცა ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს, რომ თბილისში მოიძიონ ახალი საპრივატიზაციო ობიექტები, რომელთა რეალიზაციითაც ქალაქი შემოსავალს მიიღებს.

„მინდა, დავავალო ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს, რომ მოიძიონ დამატებითი საპრივატიზაციო აქტივები არა მხოლოდ უძრავი ქონება და მატერიალური აქტივი, არამედ სხვა ნებისმიერი ტიპის აქტივი, რომლის პრივატიზაციაც შეიძლება; რომელიც, ერთი მხრივ, მუნიციპალიტეტს შემოსავალს მოუტანს და გაზრდის კერძო სექტორში ეკონომიკურ აქტივობებს. დღემდე შეწყვეტილი გვქონდა საპრივატიზაციო მიმართულებით ნაკვეთებისა და შენობა ნაგებობების გამოტანა, დღეიდან დავიწყებთ ამ მიმართულებით მუშაობას”, – განაცხადა კალაძემ.